ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან თამაში ადვილი არ იქნება

62
(განახლებულია 01:30 28.03.2021)
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის აზრით, ნაწილობრივ შევსებული სტადიონის პირობებში თამაში შესანიშნავ ატმოსფეროში ჩატარდება

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ მატჩი მისი აღსაზრდელებისთვის ადვილი არ იქნება. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს შესახებ დიდი ინფორმაცია არ გვაქვს, მხოლოდ მათი ბოლო მატჩი ვნახე. შვედებთან კარგად გამოყურებოდნენ, დაცვაში კარგად იდგნენ. ქართველები იმ თამაშში ფრეს იმსახურებდნენ. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ საინტერესო გამოვა, მაგრამ ადვილი არ იქნება. ვეცდებით ხვალ უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე საბერძნეთთან“, - განაცხადა ენრიკემ.

Тренировка сборной Испании по футболу перед матчем с командой Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
ესპანეთის ნაკრების ვარჯიში საქართველოსთან მატჩის წინ

პირველ მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ ესპანეთმა სენსაციური ფრე დააფიქსირა - 1:1. ლუის ენრიკე ამ თემასაც შეეხო.

„ჩვენ ღრმად გავაანალიზეთ მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ. მე აღვნიშნე, რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ და ამის მიხედვით ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. რა თქმა უნდა, თამაშის ტაქტიკა დამოკიდებულია კონკრეტულ მეტოქეზე, და, პირველ მატჩთან შედარებით, ცვლილებები გვექნება. მაგრამ ახლა არ გავახმაურებ. ვფიქრობ, საქართველო გააკეთებს აქცენტს დაცვაზე, შესაბამისად, ჩვენ შეტევის ხაზის გაძლიერება მოგვიწევს“, - აღნიშნა „ფურია როხას“ თავკაცმა.

ენრიკე ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ ხვალინდელი თამაში ნაწილობრივ შევსებულ სტადიონზე გაიმართება.

„ბოლო დროს შევეჩვიეთ თამაშს მაყურებლების გარეშე. მატჩის ჩატარება მაყურებლებთან ერთად და მათ გარეშე - სხვადასხვა რამეა. როდესაც ვთამაშობდით უკრაინასთან, სტადიონზე იყო 7 ათასი ქომაგი. ხვალ 15 ათასს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, თამაში შესანიშნავ გარემოში გაიმართება“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

Тренировка сборной Испании по футболу перед матчем с командой Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
ესპანეთის ნაკრების ვარჯიში საქართველოსთან მატჩის წინ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან დამარცხდა (0:1), ხოლო ესპანელებმა საკუთარ მოედანზე საბერძნეთს ვერ მოუგეს (1:1). ამგვარად, ამ დროისათვის შესარჩევ В ჯგუფში შვედეთის გუნდი ლიდერობს.

მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

62
ჯაბა კანკავა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

37
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
© Sputnik / Konstantin Ivanov
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

37
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

33
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

33
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

0
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები