ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო

47
(განახლებულია 16:44 27.03.2021)
20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე ტრავმირებულია და მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში ესპანეთთან (28 მარტი) და საბერძნეთთან (31 მარტი) ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის...ჩემი გეგმები შვედეთთან თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო შეიცვალა, რის გამოც იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო. თუმცა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემი დებიუტით საქართველოს ნაკრებში! მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მთელ ჩემს გუნდს და ფედერაციას... მაგრამ ეს არ დასრულებულა... კიდევ ბევრი ლამაზი სანახაობა გველის ერთად, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე“, - დაწერა მიქაუტაძემ თავის Instagram-ზე.

20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა (0:1). თავდამსხმელი მოედანზე გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ 84-ე წუთზე გავიდა.

მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მარტის შუა რიცხვებში თავდამსხმელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და გამოძახება საქართველოს ნაკრებში. მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელია. ამჟამად ფორვარდი ბელგიის მეორე ლიგის კლუბ „სერენში“ ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2022-ის В შესარჩევ ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის და კოსოვოს გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

47
ჯაბა კანკავა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

37
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
© Sputnik / Konstantin Ivanov
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

37
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

33
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

33
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

13
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

13