„ბასილ, გვიყვარხარ“: ნიკა ბასილაშვილის მისამართით მილოცვები არ წყდება

© photo : courtesy of Qatar Tennis Federation (QTF)ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავდნენ როგორც რიგითი მომხმარებლები, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ დოჰას პრესტიჟულ ტურნირზე ქართულ ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

  • საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42–ე ნომერი АТР–ს რეიტინგში) დოჰას (კატარი) ტურნირი (სერიიდან АТР-250) - Qatar ExxonMobil Open მოიგო.

სასიხარულო ამბავს ერთმანეთს უზიარებდნენ როგორც რიგითი მომხმარებლები, ისე პოლიტიკოსები.

„გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია! საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა“, - დაწერა პრემიერმა შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ტურნირში გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

დოჰაში მოპოვებული გამარჯვება ჩოგბურთელს თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიულოცა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირი მოიგო. ვულოცავ ნიკა ბასილაშვილს და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას!“ - დაწერა კახა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე.

„ნიკა, საუკეთესო ხარ“, „ნიკა, შენ დაიმსახურე ეს გამარჯვება“, „დოჰაში ქართული დროშა ფრიალებს. მადლობა, ნიკა“, „ბასილ, გვიყვარხარ“, - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

  • ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელსაც ქართველმა ორ სეტში მოუგო – 7:6, 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა. ხუთშაბათს კი ნიკა ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე სენსაციის ავტორი გახდა – მან მეოთხედფინალში ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (6) დაამარცხა.

კატარში გამართულ ტურნირზე გამარჯვების შედეგად ბასილაშვილმა გამოიმუშავა 250 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 70 ათასი დოლარი. ცალსახაა, რომ АТР–ს რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ–40–ს დაუბრუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0