საბაგირო

ბაკურიანი 26-28 თებერვალს Ski Cross-ის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

53
(განახლებულია 18:35 24.02.2021)
მსოფლიო თასის ეტაპში მონაწილეობას ცხრა ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. „სქი ქროსის“ მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

პანდემიის გათვალისწინებით, მონაწილეთა დაშვება საქართველოს მსოფლიო თასების ეტაპებისთვის შემუშავებული წესებით ხდება. კერძოდ, მონაწილეებმა საქართველოში მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი ხანდაზმულობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. სპორტსმენები საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო ტესტირებას გამგზავრებამდე ყოველ 72 საათში გაივლიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანი დამსვენებლებისთვის დახურულია, მსოფლიო თასის ეტაპი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ბაკურიანის მსგავსად, მაყურებლის გარეშე გაიმართა მსგავსი მაღალი რანგის სამთო სპორტული შეჯიბრებები ევროპის წამყვან სამთო კურორტებზეც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილია კაფეები და რესტორნები.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

53
თემები:
სპორტის ამბები (1067)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

29
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

29
ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

67
რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი კლუბი, ქვეყანა ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“, რუსეთი 15,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“, უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“, ბელგია 3,2
საბა კვერკველია „როტორი“, რუსეთი 3,0
ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“, ავსტრია 3,0

          

    

          

          

      

 

67
სახლი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

0
(განახლებულია 16:09 14.04.2021)
ამ დროისთვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ  შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება – 80 წლის მამაკაცსა და  24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ  დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში