კალათბურთი

საქართველოს კალათბურთის ნაკრები თბილისში ფინეთთან დამარცხდა

34
(განახლებულია 16:55 22.02.2021)
საქართველომ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი მატჩი ფინეთთან ანგარიშით 70:78 წააგო. 

სკანდინავიელები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი მეოთხედი 13-ქულიანი სხვაობით მოიგეს (30:17). მეორე მეოთხედიც კვლავ ფინელთა კარნახით წარიმართა, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ შედეგიანობა ნაკლები იყო (19:13).

მასპინძლები შესვენების შემდეგ გამოცოცხლდნენ და შესანიშნავი ათწუთიანი მონაკვეთი გამოუვიდათ. ილიას ზუროსის შეგირდებმა 19 ქულა აიღეს და ანგარიში გაათანაბრეს (27:8). თუმცა დასკვნითი მონაკვეთისთვის ქართველ კალათბურთელებს ძალები აღარ ეყოთ. ბურთის ხშირმა დაკარგვამ და შეტევაში სუსტმა თამაშმა ფინელებს ბოლო მეოთხედის – 21:13 და, შესაბამისად, მატჩის მოგების საშუალება მისცა – 78:70.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (და მატჩშიც) ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა გიორგი შერმადინი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ქართველი ცენტრის ანგარიშზეა ასევე 12 მოხსნა და სამი ჩაჭრა. ქართულ გუნდში კიდევ სამმა მოთამაშემ გადალახა 10-ქულიანი ბარიერი - დუდა სანაძემ (18), მიშა ბერიშვილმა (11) და ბექა ბურჯანაძემ (11).

მანამდე ამავე შესარჩევ Е ჯგუფში სერბეთმა მოუგო შვეიცარიას (88:81) და კვარტეტის სათავეში მოექცა. საქართველო მეორე ადგილზეა, ხოლო ფინელები მესამეზე მოხვდნენ, თუმცა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვეს.

საქართველომ, როგორც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

34
ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედო“

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

26
(განახლებულია 16:10 06.03.2021)
თბილისის „დინამო“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს დედაქალაქური კლუბი 9 მარტს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქელებმა ქუთაისის „ტორპედოს“ გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 2:0 მოუგეს.

თბილისელებმა საწყის წუთებშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. შეხვედრის მე-15 წუთზე ქუთაისელთა მეკარე დინო ხაზმიჩი დაჯარიმდა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. აღნიშნული მომენტის შემდეგ კაცნაკლულ „ტორპედოს“ წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა და შედეგად პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიიღო. 48-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმის შუაში 70-ე წუთზე ლუკა გაგნიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს დაუხვდა ტოგოელი ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისელები წყალტუბოს „სამგურალს“ დაუზავდნენ (1:1), ამასთან წითელი ბარათის გამო დინამოელთა თავკაცი გიორგი ნემსაძეც დაკარგეს. შედეგად, ქუთაისში გუნდი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ გაიყვანა.

თბილისის „დინამომ“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 4 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, ის რიგით მეორე მარცხის შემდეგ რეიტინგში ბოლო ადგილზე იმყოფება.

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყო.

26
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

ლევან მაისაშვილი: „პორტუგალიასთან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“

21
(განახლებულია 13:47 06.03.2021)
მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება, აქედან ქართველებმა 15-ჯერ გაიმარჯვეს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მატჩი პორტუგალიასთან, რომელიც ლისაბონში წლევანდელი გათამაშების ევროპის ერთა თასის ფარგლებში გაიმართება, საინტერესო უნდა იყოს. ამის შესახებ „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა კაპიტნების ვარჯიშის შემდეგ განაცხადა.

„ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და ეს თამაში მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ექსპერიმენტი შემადგენლობის მხრივ, მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს პროცესი. ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი. ვფიქრობ, რომ ლისაბონში საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

Главный тренер сборной Грузии по регби Леван Маисашвили
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი

მომავალი მეტოქე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც დაახასიათა.

„პორტუგალია რაც დაბრუნდა ჩვენს დივიზიონში (უმაღლესი - რედ.), ბევრად უკეთესი გახდა. ცდილობენ რომ სწრაფად ითამაშონ, თამაში ამაზე აქვთ აგებული. ცდილობენ რომ შეცდომები დააშვებინონ მოწინააღმდეგეს და ეს შეცდომები გამოიყენონ, რაც წინა წელს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. წელს იმედი გვაქვს და მზად ვართ, რომ ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ და ასეთი მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ. ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოა, მაგრამ ამაზე დიდი ფოკუსირება არ ყოფილა იმიტომ რომ ეს თამაში ყველა შემთხვევაში უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა შარიქაძემ.

Капитан сборной Грузии по регби Мераб Шарикадзе
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე

მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება. „ბორჯღალოსნებმა“ 15-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ წააგეს და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

თამაში დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

21

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0