წყალბურთი

საქართველოს წყალბურთის ნაკრები როტერდამში ნიდერლანდებთან დამარცხდა

217
(განახლებულია 00:43 21.02.2021)
საკვალიფიკაციო მატჩის განმსაზღვრელი გახდა პირველი მეოთხედი, რომელიც ქართველებმა ანგარიშით 1:4 წააგეს.

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მატჩი ნიდერლანდებთან ანგარიშით 11:4 დათმო.

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა >>

მატჩის განმსაზღვრელი გახდა პირველი მეოთხედი, რომელიც ქართველებმა ანგარიშით 1:4 წააგეს. მხოლოდ სასტარტო ათწუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა დეან სტანოევიჩის შეგირდებს აჯობეს. სამ მომდევნო სათამაშო მონაკვეთში მეტოქეებმა აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა აჩვენეს -  4:3, 3:4, 3:3.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა ხვიჩა ჯახაია, რომელმაც სამი გოლი გაიტანა. თითო დუბლი გააფორმეს გიორგი მაგრაკველიძემ და მარკო ელეზმა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის დასკვნით მატჩს 21 თებერვალს კანადის წინააღმდეგ გამართავს. ამ დაპირისპირებაში მეშვიდე ადგილის მფლობელი გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ სტადიაზე მეტოქეები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მაშინ საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 14:11 მოიგო.

როტერდამში მიმდინარე ტურნირზე თამაშდება ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები, რომლებსაც ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. ნახევარფინალში ერთმანეთს ჯერ ხორვატია და მონტენეგრო დაუპირისპირდება, შემდეგ საბერძნეთი რუსეთს შეხვდება.

217
ჰელი–სქი

თურნავა: ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო თასის ეტაპს

26
(განახლებულია 20:48 25.02.2021)
მსოფლიო თასის აღნიშნული ეტაპი 26-28 თებერვალს ჩატარდება. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მხარეებმა დაგეგმილი ტურნირის ჩატარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუწყება „პირველი არხი“.

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ). ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში არსებულ სამთო კურორტებზე შეჯიბრებების გამართვას. შეხვედრაზე ასევე საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში“, – განაცხადა თურნავამ.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.

საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება>>

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტურნირები ქართული მთების პოპულარიზაციას კარგად წაადგება.

  • „ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია. ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა პატრიკ ლანგმა.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

26
თემები:
სპორტის ამბები
ნიკა ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი კვლავ დამარცხდა - ამჯერად მონპელიეში

208
პირველ წრეში მარცხის გამო ბასილაშვილი სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა, თუმცა საპრიზო ფონდიდან ოთხი ათასი ევრო ერგო

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა (მე-40 АТР რეიტინგში) მონპელიეში АТР-250 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა მარცხით დაასრულა.

პირველივე წრეში ბასილაშვილი დამარცხდა ფრანგ გრეგუარ ბარერთან (113) ორ სეტში ერთი და იმავე ანგარიშით 4:6. მატჩი ერთ საათი და 17 წუთი გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტის მეოთხე გეიმში ბასილაშვილი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა, ბარერს კი 11 ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

პირველ წრეში მარცხის წყალობით ბასილაშვილი სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა. ერთადერთი ნუგეში - ოთხი ათასი ევროა საპრიზო ფონდიდან.

მონპელიეს ტურნირის საპრიზო ფონდი 324 ათას ევროს შეადგენს, მისი მოქმედი ჩემპიონი გაელ მონფისია (საფრანგეთი).

208
საპატრულო პოლიცია

თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია

0
(განახლებულია 13:42 26.02.2021)
თბილისში აქციის მიმდინარეობისას დედაქალაქის მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზებით შეძლებს. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაკეტილი გზები აქციის დასრულებისთანავე გაიხსნება

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. თბილისში მიმდინარე აქცია მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტროტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან კი სცენა მონტაჟდება. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით უკვე გაემართნენ. შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო ბოლოს აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

  • აქციისა და მსვლელობის მიმდინარეობისას ასევე დროებით შეიზღუდება გადაადგილება შემდეგ ქუჩებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას, რეზო ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მესხიას ქუჩა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზების მეშვეობით შეძლებს, კერძოდ მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. ასევე მოძრაობა თავისუფალი იქნება ჭონქაძის ქუჩასა და ზემო ვერის მიმართულებით გზებზე.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

0