ფეხბურთი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი კარიერას რუსეთში გააგრძელებს

64
(განახლებულია 18:58 19.02.2021)
„ნიჟნი ნოვგოროდის“ გუნდში პირველივე ტესტ–მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი გააფორმა. თავდამსხმელის თამაშმა კლუბის მწვრთნელთა შტაბი დაარწმუნა, რომ მასთან თანამშრომლობა კონტრაქტის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-21) ფორვარდი ბექა ქავთარაძე კარიერას რუსეთის კლუბ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელებს. კლუბი ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს. ამის შესახებ გამოცემა Transfermarkt იტყობინება.

„ბექამ წინასეზონურ შეკრებაზე კარგად წარმოაჩინა თავი. გვწამს, რომ გააძლიერებს ჩვენი გუნდის შემტევ ხაზს. მიმაჩნია, რომ სატრანსფერო კამპანია წარმატებით ჩავატარეთ“, – განუცხადა გამოცემას საფეხბურთო კლუბ „ნიჟნი ნოვგოროდის“ გენერალურმა დირექტორმა რავილ იზმაილოვმა.

ქავთარაძე, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფებოდა, „ნიჟნი ნოვგოროდთან" წინასეზონურ შეკრებაში მონაწილეობს თურქეთის ქალაქ ბელექში. ქართველი თავდამსხმელის თამაშმა კლუბის მწვრთნელთა შტაბი დაარწმუნა, რომ ქართველ სპორტსმენთან თანამშრომლობა კონტრაქტის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს. 21 წლის ქავთარაძესა და რუსულ კლუბს შორის შეთანხმების დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ „ნიჟნი ნოვგოროდის“ შემადგენლობაში პირველივე თამაშისას, ტესტ–მატჩში ქავთარაძემ თავი დუბლის გაფორმებით გამოიჩინა.

ქავთარაძემ გასული სეზონი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა. საქართველოს ჩემიპონატის 18 მატჩში მან გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, აქ ქავთარაძემ 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

 „ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის ფეხბურთის ეროვნული ლიგის ლიდერია. რუსეთის სიძლიერით მეორე დივიზიონის 26 ტურის შემდეგ რობერტ ევდოკიმოვის გუნდს 58 ქულა აქვს და მომდევნო გუნდს – „კრილია სოვეტოვს“ სამი ქულით უსწრებს.

64
თემები:
სპორტის ამბები (1017)
ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

22
ტოჩინოშინისთვის მარტის სუპერტურნირი მის კარიერაში რიგით 90-ე ბაშო იქნება. ბაშო ტოკიოში გაიმართება და მას მაყურებელიც დაესწრება.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.

მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.

22
გოგონა კომპიუტერთან

იქმნება მზერითა და აზრის ძალით მომუშავე კომპიუტერი: შედეგები უკვე არის

8
(განახლებულია 16:33 01.03.2021)
მეცნიერების თქმით, უნიკალურ სისტემას გარკვეული ნაკლი აქვს, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ ამ დროისათვის

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მეცნიერები კომპიუტერის მზერითა და „აზრის ძალით“ მართვის უნიკალურ სისტემაზე მუშაობენ მოსკოვის სახელმწიფო ფსიქოლოგიურ–პედაგოგიურ უნივერსიტეტში, შედეგები უკვე გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Neuroscience.

გავრცელებული ინფორმაციით, სისტემას საფუძვლად ტვინის მაგნიტური ველების ამოკითხვა უდევს და ამას მნიშვნელოვნად შეუძლია გაუმარტივოს კომპუიტერით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.

ავტორების თქმით, მზერის მეშვეობით კომპიუტერის მართვისთვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა აიტრეკერი. ის ვიდეოკამერის მეშვეობით განსაზღვრავს, რა ადგილს უყურებს მომხმარებელი ეკრანზე. ასეთ შემთხვევაში მზერის ერთ ადგილზე შეჩერება იგივეა, რაც „მაუსის დაკლიკება“.

ამასთან მეცნიერები წუხან, რომ ამ ტექნოლოგიას ჯერჯერობით სერიოზული ნაკლი აქვს: მას არ შეუძლია ამოიცნოს, განზრახ, ანუ დასაკლიკებლად აჩერებს მომხმარებელი ეკრანზე მზერას თუ უბრალოდ აკვირდება, ათვალიერებს რამეს.

სწორედ ამ ნაკლის აღმოფხვრაზე მუშაობენ ამ დროისათვის მოსკოველი მეცნიერები. ისინი ქმნიან სისტემას, რომელსაც განზრახ და შემთხვევით გაჩერებული მზერის განსხვავების უნარი ექნება. ავტორების თქმით, ეს იქნება აიტრეკერისა და კიდევ ერთი ტექნოლოგიის ჰიბრიდი, რომელიც შშმ პირების დასახმარებლად გამოიყენება.

8
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
თორნიკე ყიფიანი

„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

0
„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარდგება სიმღერით You („შენ“), ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რეკორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

0