თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა EURO-2022-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. სერბეთთან და ფინეთთან შეხვედრები, შესაბამისად, 19 და 21 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რამდენიმე კომპლექსური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ძირითადი აქცენტი კომბინაციებზე გააკეთა. თავდაპირველად კალათბურთელებმა ერთ კალათზე ტაქტიკური სქემები დაამუშავეს, შემდეგ ორ კალათზე კლასიკურ ვარიანტზე გადავიდნენ.
ვარჯიშში მონაწილეობდა გიორგი შერმადინიც, რომელიც ნაკრებს დანარჩენებზე გვიან შეუერთდა.
„ბოლოს და ბოლოს შევიკრიბეთ სრული შემადგენლობით და სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. დიდი ყურადღება დავუთმეთ ტაქტიკურ სვლებს. ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში არიან და ეს მთავარია“, – განუცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ.
სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება რამდენიმე საკვანძო მოთამაშე. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია (მოსკოვის „ცსკა“) ძალებს იკრებს ტრავმის შემდეგ, ხოლო აშშ-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ჩამოფრინდნენ.
საქართველოს ნაკრებმა EUROBASKET-2022-ის აქამდე გამართული ოთხივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და Е ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლებას.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ანგარიშით 5:0 დაამარცხა სომხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.
ანგარიში თამაშის პირველივე წუთებზე გახსნეს ქართველმა სპორტსმენებმა. პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით.
საქართველოს და სომხეთი ნაკრებების შემდეგი შეხვედრა, რომლებიც მეორე შესარჩევ ჯგუფში რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებთან ერთად შედიან, 10 მარტს გაიმართება ერევანში.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა. პირველ საჭიდაო დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გამოვიდნენ.
ჯაბა პაპინაშვილმა (60კგ) გრანდ სლემზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. მან პირველ წრეში ჯერ ყირგიზ მოწინააღმდეგეს სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელი ძიუდოისტი დაამარცხა. პაპინაშვილი მეოთხედფინალში ფავორიტად მიჩნეულ ყაზახ ძიუდოისტთან ელდოს სმეტოვთან დამარცხდა. წაგებული შეხვედრის შემდეგ ჯაბამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც იქ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა.
რაც შეეხება ქართველ ქალ ძიუდოისტს ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, ის პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ტურნირს საწყისი ეტაპიდან დაემშვიდობა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტაშკენტის გრანდ სლემზე ასე გამოიყურება:
კაცები:
60კგ – ჯაბა პაპინაშვილი,
73კგ – ფრიდონ გიგანი,
81კგ – გიორგი შერაზადიშვილი,
90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი,
100კგ – გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი.
ქალები:
52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,
70კგ – მარიამ ჭანტურია,
78კგ – სოფიო სომხიშვილი.
ხვალ გრანდ სლემზე საქართველოს სახელით ფრიდონ გიგანი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81) და მარიამ ჭანტურია (70) იასპარეზებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30 საათზე დაწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567 (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19.737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.