ვაკო ყაზაიშვილი

აშშ-დან სამხრეთ კორეაში: ქართველი ნახევარმცველი კარიერას აზიაში გააგრძელებს

59
(განახლებულია 22:39 16.02.2021)
ყაზაიშვილს გასული წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც „სან-ხოსე ერთქვეიქსი“ დატოვა, თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა მიაღწია შეთანხმებას სამხრეთკორეულ კლუბთან „ულსან ჰიუნდაი“ (Ulsan Hyundai), ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების და კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ყაზაიშვილი დროის გარკვეულ პერიოდს გაატარებს კარანტინში, რის შემდეგაც კლუბის ქომაგების წინაშე წარდგება.

ფეხბურთელსა და „ულსან ჰიუნდაის“ შორის შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გასული წლის დეკემბრიდან ყაზაიშვილს თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა – მას შემდეგ, რაც დატოვა „სან-ხოსე ერთქვეიქსი“, რომლის სახელით 2017 წლიდან თამაშობდა. კალიფორნიული კლუბის შემადგენლობაში ყაზაიშვილმა 99 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „ულსანს“, კლუბი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. გასული სეზონის შედეგების მიხედვით გუნდმა ეროვნულ პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ „ულსანის“ მთავარი მწვრთნელია ხონ მიონ ბო – წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელსაც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

Матч сборных Грузии и Латвии в рамках Лиги наций УЕФА - Вако Казаишвили в атаке
უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ლატვია. ვაკო ყაზაიშვილი შეტევაში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატი იწყება 27 თებერვალს, ხოლო „ულსანის“ პირველი მეტოქე „კანვონი“ გახდება.

ყაზაიშვილმა თავისი პროფესიული კარიერა თბილისის „საბურთალოში“ (2010) დაიწყო. ერთი წლის შემდეგ შემტევი ნახევარმცველი ნიდერლანდების „ვიტესში“ გადავიდა, რომელშიც 2016 წლამდე თამაშობდა. ერთი სეზონი ყაზაიშვილმა ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა, შემდეგ კი ოკეანის გადაღმა გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყაზაიშვილმა ჩაატარა 53 მატჩი, რა დროსაც გაიტანა 11 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

59
ჰელი–სქი

თურნავა: ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო თასის ეტაპს

27
(განახლებულია 20:48 25.02.2021)
მსოფლიო თასის აღნიშნული ეტაპი 26-28 თებერვალს ჩატარდება. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მხარეებმა დაგეგმილი ტურნირის ჩატარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუწყება „პირველი არხი“.

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ). ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში არსებულ სამთო კურორტებზე შეჯიბრებების გამართვას. შეხვედრაზე ასევე საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში“, – განაცხადა თურნავამ.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.

საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება>>

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტურნირები ქართული მთების პოპულარიზაციას კარგად წაადგება.

  • „ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია. ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა პატრიკ ლანგმა.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

27
თემები:
სპორტის ამბები
ნიკა ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი კვლავ დამარცხდა - ამჯერად მონპელიეში

208
პირველ წრეში მარცხის გამო ბასილაშვილი სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა, თუმცა საპრიზო ფონდიდან ოთხი ათასი ევრო ერგო

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა (მე-40 АТР რეიტინგში) მონპელიეში АТР-250 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა მარცხით დაასრულა.

პირველივე წრეში ბასილაშვილი დამარცხდა ფრანგ გრეგუარ ბარერთან (113) ორ სეტში ერთი და იმავე ანგარიშით 4:6. მატჩი ერთ საათი და 17 წუთი გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეტის მეოთხე გეიმში ბასილაშვილი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა, ბარერს კი 11 ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

პირველ წრეში მარცხის წყალობით ბასილაშვილი სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა. ერთადერთი ნუგეში - ოთხი ათასი ევროა საპრიზო ფონდიდან.

მონპელიეს ტურნირის საპრიზო ფონდი 324 ათას ევროს შეადგენს, მისი მოქმედი ჩემპიონი გაელ მონფისია (საფრანგეთი).

208
ადამიანები პირბადეებით ქუჩაში

პირველად საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი  ტარდება

0
(განახლებულია 12:55 26.02.2021)
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პირველად საქართველოში 1-დან 5 მარტის ჩათვლით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.

დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე: shorturl.at/jkvL6.

დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია>>

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულ კი, სამუშაოს მაძიებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე:https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8.

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom–ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ცალკე უწყება ამოქმედდა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ის ასრულებს შუამავლის როლს სამსახურის მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა.

საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა დაამტკიცა>>

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია. უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 20,4% შეადგინა.

0