მანუჩარ მარკოიშვილი

მანუჩარ მარკოიშვილი: დანაკლისის მიუხედავად ჩვენი ნაკრები სრულ მზადყოფნაშია

125
(განახლებულია 21:24 15.02.2021)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრებისთვის ემზადება. ქართველი კალათბურთელები ფინეთს და უძლიერეს სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისური „ბაბლისთვის“ (2022 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი) მზადებას შეუდგა. ილიას ზუროსის შეგირდებმა პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრებს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად, სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ახალწვეული ჰყავს. ესპანური „მურსიას“ ამერიკელი ლეგიონერი კონერ ფრენკამპი „ლიგა ენდესას“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მექულეთა შორის მესამე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, მიუხედავად ამისა ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე აქამდე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო.

შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩების წინ ნაკრებთან ერთად იმყოფება ვეტერანი კალათბურთელი და კლუბ „ტიტების“ მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილიც. მან საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრებსა და, ზოგადად, ეროვნული ნაკრების შესახებ „Sputnik-საქართველოსთან“ ვრცლად ისაუბრა.

Баскетболист сборной Грузии Манучар Маркоишвили
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი

სამზადისი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის და ეროვნული ნაკრების დანაკლისი

დღევანდელი მოცემულობით ნაკრების სათამაშო ფორმაზე საუბარი ნაადრევია. გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა. ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშიათ თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს და სხვა კალათბურთელებს. რაც შეეხება დანაკლისს, საკვალიფიკაციო ეტაპის ამ შეხვედრებში ნაკრებს რამდენიმე კალათბურთელი ვერ დაეხმარება, მათ შორის არიან თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძეც, რომლებიც ნაკრებში ზაფხულამდე ვერ ითამაშებენ. ძირითადი შემადგენლობის სხვა წევრებიდან ზოგი ტრავმირებულია, ზოგიერთს კი, როგორც ხდება ხოლმე, კლუბი არ უშვებს. შესაბამისად, სერბეთთან და ფინეთთან თამაში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ბიჭებით მოგვიწევს. ინდივიდუალური კუთხით თითქმის ყველა მოთამაშე ძალიან კარგ ფორმაშია. რამდენიმე მოთამაშესთან დაკავშირებით მცირე ჯანმრთელობის პრობლემები არსებობს, თუმცა იმედი გვაქვს, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ნაკრების თითოეული წევრი სრულ მზადყოფნაში იქნება.

Баскетбол. Евролига. Матч ЦСКА - Панатинаикос
© photo: Sputnik / Алексей Филиппов
მანუჩარ მარკოიშვილი

ახალგაზრდა კალათბურთელები და მათი სათამაშო დონე

ახალგაზრდა კალათბურთელებმა ნაკრებში უკვე წარმოაჩინეს თავი. წინა „ბაბლის“ დროს, რომელიც ფინეთში ჩატარდა, თითოეულმა მათგანმა აჩვენა გულშემატკივარსაც და სამწვრთნელო შტაბსაც, რომ მზად არიან ითამაშონ მაღალ დონეზე. ისინი ამას თითოეულ ვარჯიშზე ამტკიცებენ. რაც შეეხება ევრობასკეტს, იქამდე დიდი დროა და შემადგენლობაზე ფიქრი ნაადრევია. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს კარს მომდგარი და ახლა ნაკრების მთელი კონცენტრაცია ამისკენაა მიმართული.

გოგა ბითაძე - საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი

პირდაპირ ვიტყვი, რომ ის ყოველთვის ფორმაშია და მზადაა უმაღლეს დონეზე ითამაშოს. მიუხედავად თავის კლუბში სათამაშო დროის ნაკლებობისა, რამდენჯერაც შანსი მიეცა, გოგამ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, გოგა თავისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ის ძალიან კარგია საკუთარ პოზიციაზე დაცვაში და ასევე უდიდეს როლს ასრულებს შეტევაშიც. ძალიან კარგ დაცვას თამაშობს, კარგად აფარებს და თავდასხმაშიც ძალიან ძლიერია. თამამად ვიტყვი, რომ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრია. მისი კარიერა ახლა იწყება და მთავარია პროგრესირება განაგრძოს.

Центровой сборной Грузии по баскетболу Гога Битадзе
გიგა ბითაძე

გუნდს კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავს. რა ვიცით მის შესახებ?

ამ დრომდე ილიას ზუროსის მიერ მიღებულმა ყველა გადაწყვეტილებამ გაამართლა. დარწმუნებული ვარ, კონერის შემთხვევაშიც ასე იქნება. ზუსტად ვიცი, რომ ზუროსს კარგად ჰყავს ეს მოთამაშე შესწავლილი. კონერს ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს ესპანეთში, რომელიც ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატია. ვფიქრობ, ის საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. რა თქმა უნდა, ნაკრების ახალწვეულს დრო სჭირდება, რათა გუნდთან შეთამაშდეს. მგონია, რომ შემდეგი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კონერი ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახდება და გუნდის სათამაშო სქემას ბოლომდე შეეგუება. ის ძალიან ჭკვიანი გამთამაშებელი და უძლიერესი მსროლელია.

რამდენად არის საკმარისი ეროვნულ ჩემპიონატში თამაში ნაკრებში მოსახვედრად, როგორია დღეს „სუპერლიგის“ დონე?

წინა შეხვედრებისას ფინეთში საქართველოს ნაკრებში „სუპერლიგიდან“ ძალიან ბევრი კალათბურთელი იყო გამოძახებული. სწორედ იმ ნაკრებმა მიაღწია წარმატებას და მოიგო ორივე შეხვედრა. ფაქტია, რომ საქართველოში არის მაღალი დონე და დასმულ შეკითხვას ბიჭებმა პასუხი საკუთარი თამაშით გასცეს. მწვრთნელმა წინა ჯერზეც და ახლაც ძალიან კორექტულად შეარჩია ის მოთამაშეები, რომლებსაც გუნდის სქემის მიხედვით წარმატების მოტანა შეუძლიათ. ახალგაზრდა კალათბურთელების მეშვეობით შემადგენლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან დიდი ფუფუნება გვექნება. ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდებიან ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და სხვა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე. ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება, რაც საქართველოს სასიკეთოდ წაადგება.

პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო კარიერაში და გეგმები „ტიტებთან“ ერთად

პირველ რიგში, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც „ტიტების“ ხელმძღვანელობამ გამომიცხადა. გამოუცდელ მწვრთნელს მომანდეს გუნდი და მომცეს საშუალება საკუთარი თავი ხაზის გარედან დამენახა, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რაც შეეხება გეგმებს, მთავარია, გუნდი ბოლომდე ჩამოყალიბდეს. გუნდის გაზრდა და შექმნა ახალი მწვრთნელის ხელში ასე მალე არ ხდება. მეც მჭირდება დრო, რათა ვიპოვო ჩემი თავი სამწვრთნელო ხედვებით. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს. ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და პროფესიონალები. ამ ეტაპზე ბოლომდე კარგად არ გვაქვს საქმე, მოვიგეთ გარკვეული შეხვედრები, თუმცა იყო რამდენიმე დასანანი მარცხიც. მივყვებით ნელ-ნელა პროცესს გაუმჯობესებისკენ, იმედი გვაქვს, მივაღწევთ შედეგს. ჩვენი პროგრამა მინიმუმი პლეი-ოფში მოხვედრაა, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

"ევრობასკეტი-2022" მომავალი წლის 1–18 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს საქართველო, იტალია, გერმანია და ჩეხეთი უმასპინძლებენ.

 

125

ფუტსალში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაში ქართველებმა გაიმარჯვეს ვიდეო

34
თბილისში საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა. იხილეთ ევრო 2022–ის შესარჩევი მატჩის კადრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ანგარიშით 5:0 დაამარცხა სომხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

ანგარიში თამაშის პირველივე წუთებზე გახსნეს ქართველმა სპორტსმენებმა. პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით.

საქართველოს და სომხეთი ნაკრებების შემდეგი შეხვედრა, რომლებიც მეორე შესარჩევ ჯგუფში რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებთან ერთად შედიან, 10 მარტს გაიმართება ერევანში.

34
ქართველი ძიუდოისტები

ძიუდო: ტაშკენტის გრანდ სლემი ქართველებმა უმედლოდ დაიწყეს

29
(განახლებულია 18:08 05.03.2021)
გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. ხვალ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ სამი ძიუდოისტი იასპარეზებს.

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა. პირველ საჭიდაო დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გამოვიდნენ.

ჯაბა პაპინაშვილმა (60კგ) გრანდ სლემზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. მან პირველ წრეში ჯერ ყირგიზ მოწინააღმდეგეს სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელი ძიუდოისტი დაამარცხა. პაპინაშვილი მეოთხედფინალში ფავორიტად მიჩნეულ ყაზახ ძიუდოისტთან ელდოს სმეტოვთან დამარცხდა. წაგებული შეხვედრის შემდეგ ჯაბამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც იქ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება ქართველ ქალ ძიუდოისტს ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, ის პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ტურნირს საწყისი ეტაპიდან დაემშვიდობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტაშკენტის გრანდ სლემზე ასე გამოიყურება:

კაცები:

60კგ – ჯაბა პაპინაშვილი,

73კგ – ფრიდონ გიგანი,

81კგ – გიორგი შერაზადიშვილი,

90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი,

100კგ – გიორგი ჩიქოვანი,

+100კგ – ადამ ოქრუაშვილი.

ქალები:

52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,

70კგ – მარიამ ჭანტურია,

78კგ – სოფიო სომხიშვილი.

ხვალ გრანდ სლემზე საქართველოს სახელით ფრიდონ გიგანი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81) და მარიამ ჭანტურია (70) იასპარეზებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30 საათზე დაწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.

29
თემები:
სპორტის ამბები
კორონავირუსის ეპიდემია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
(განახლებულია 11:44 06.03.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,6%-ს, ბოლო 7 დღის - 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.737 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 355 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 176 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 48, შიდა ქართლი - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, აჭარა - 17, გურია - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.344-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.567-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.680 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.387 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, იმერეთში - 233, აჭარაში - 158.

267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში - 54, იმერეთში - 9, აჭარაში- 2.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 142 ადამიანი, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 1.151 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.789 პირი, იმერეთში - 691, აჭარაში - 560.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0