წყალბურთი. მსოფლიო ლიგა

საქართველოს წყალბურთელები როტერდამში მიმდინარე ტურნირზე საბერძნეთთან დამარცხდნენ

42
(განახლებულია 15:19 15.02.2021)
საქართველოს ნაკრები А ჯგუფში ბრაზილიის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში საბერძნეთის გუნდთან ანგარიშით 10:11 დამარცხდა.

დეან სტანოევიჩის შეგირდებმა პირველ ორ მეოთხედში წააგეს (2:3, 3:5), მაგრამ საუკეთესოდ ითამაშეს მესამე მეოთხედში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 5:2 მოიგო და ანგარიშიც გათანაბრდა – 10:10.

ბოლო ათწუთიან პერიოდში იყო თანაბარი ბრძოლა, მაგრამ ბერძნები უკეთესები აღმოჩდნენ. ერთადერთმა გოლმა, რომელიც იოანის ფუნტულისმა გაიტანა, საბერძნეთის ნაკრებს სასტარტო მატჩში გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარკო ელეზი იყო, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები А ჯგუფში ბრაზილიის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი წყალბურთელების მომდევნო მეტოქე (15 თებერვალს) უნდა ყოფილიყო თურქეთის გუნდი, მაგრამ თურქეთის ნაკრების მოთამაშეებმა კორონავირუსზე ტესტი ვერ გაიარეს და გუნდი იძულებული გახდა ტურნირი დაეტოვებინა. ამგვარად, სტანოევიჩის შეგირდები ორშაბათს დაისვენებენ, ხოლო 16 რიცხვში კანადელებს დაუპირისპირდებიან.

ტურნირში ორ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი ასპარეზობს. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამ ეტაპიდან გუნდებს შორის დაპირისპირება ოლიმპიური სისტემის მიხედვით გაგრძელდება – დამარცხებული ტურნირს გამოეთიშება. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იღებს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.

42
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკა ბასილაშვილის მორიგი წარუმატებლობა - ამჯერად როტერდამში

33
მიმდინარე სეზონში ბასილაშვილმა შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან მოიგო მხოლოდ ორი - ანტალიაში გამართულ ტურნირზე, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს (АТР-ს რეიტინგში მე-40 ნომერი) უიღბლობა დასჩემდა. ამჯერად ის როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა.

ბასილაშვილმა ორ სეტში ბრიტანელ კემერონ ნორთან (65-ე) დამარცხდა - 0:6, 3:6. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

პირველი პარტია ნიკამ ფაქტობრივად ჩააგდო - ყველა ჩაწოდება წააგო. სეტში მხოლოდ ცხრა ქულა მოიგო (ხუთი თავის ჩაწოდებაზე და ოთხი - მეტოქის).

მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა (3:1), მაგრამ სეტის ბოლოს თამაში „გაექცა“. შედეგად ნორმა ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა და სეტი, მასთან ერთად კი მატჩიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ძირითად ბადეში ბრიტანელი საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ბასილაშვილმა შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც ორი მისი გამარჯვებით დასრულდა. იანვრის დასაწყისში ანტალიაში ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრალიელ ალექს დი მინუართან ორ სეტში დათმო – 2:6, 4:6. ამის შემდეგ ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამ ტურნირში – მელბურნში, Australian Open-ზე და მონპელიეში, სადაც პირველივე წრეში მარცხი იგემა. როტერდამში გამოსვლა კიდევ ერთი წარუმატებლობა გახდა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 112 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი გაელ მონფისი.

33
ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

34
ტოჩინოშინისთვის მარტის სუპერტურნირი მის კარიერაში რიგით 90-ე ბაშო იქნება. ბაშო ტოკიოში გაიმართება და მას მაყურებელიც დაესწრება.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.

მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.

34
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

0
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

0