თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა 2021 წლის პირველი სუპერტურნირის მეოთხე დღეს აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას ენდოს იორიკირით მოუგო. ლევანმა იაპონელი სუმოისტი დოჰიოდან რამდენიმე მცდელობის შემდეგ მაინც გაიყვანა.
ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას წოდებით გამოდის. ენდოსთან გამარჯვების შემდეგ ქართველის მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა 2–2.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ოძეკი ასანოიამა იქნება. ქართველ სუმოისტს ასანოიამასთან უარყოფითი ბალანსი აქვს. ექვსი ურთიერთშეხვედრიდან ლევანმა მხოლოდ ორჯერ მოახერხა ოძეკთან გამარჯვება, ოთხჯერ კი დამარცხდა.