ანთებული სანთლები

გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი

163
(განახლებულია 20:26 11.01.2021)
დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მას ოპერაციის შემდგომ სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს სახელით მოიგო (1992).

1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ასპარეზობდა გაერთიანებული გუნდი, რომელშიც სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების სპორტსმენები შედიოდნენ. ხახალეიშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 95 კგ-ს ზემოთ წონით კატეგორიაში. ფინალში მან იაპონელი ნაოა ოგავა დაამარცხა.

ხახალეიშვილს შეეძლო თავისი ტრიუმფის გამეორება ატლანტის ოლიმპიადაზე 1996 წელს, მაგრამ აბსურდული შემთხვევის გამო ეს არ მოხდა. შეჯიბრების წინ აწონვის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც ხახალეიშვილმა აწონვაზე დააგვიანა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ძიუდოში კარიერის დასრულების შემდეგ ხახალეიშვილი სამბოში გადავიდა და 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა (1996 და 1997 წლებში).

163
რაგბი: საქართველო - რუსეთი

ცნობილია საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრის მორიგი თარიღი

56
(განახლებულია 23:45 25.01.2021)
სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მან ერთი ტურით ადრე მოიგო ევროპის ერთა თასი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელების შტაბმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადება და მოთამაშეთა სასელექციო შეკრება დაიწყო. მატჩი 7 თებერვალს თბილისში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს „შევარდენის“ ბაზაზე შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მისივე თქმით, მზადება საკმაოდ რთულ პერიოდში უწევთ:

„გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ჩატარდება ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში. თამაში გაიმართება 7 თებერვალს, 15:00 საათზე. თუმცა დღემდე არ არის ცნობილი - რომელ სტადიონზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამასთან ცალსახაა, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.

56
გიორგი შერმადინი

ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ყველაზე ფასეული მოთამაშე

44
(განახლებულია 21:47 25.01.2021)
ქართველი სპორტსმენი ესპანური საკალათბურთო კლუბების „ტენერიფესა“ და „მანრესას“ შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „იბეროსტარ ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ეროვნული პირველობის მატჩის MVP (Most valuable player – ყველაზე ფასეული მოთამაშე) გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ტენერიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა. შერმადინი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 29 ქულით.

უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინი ერთადერთი მოთამაშე იყო ორივე კლუბის შემადგენლობაში, რომელმაც 20-ზე მეტი ქულა მოაგროვა.

ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფეს“ 20 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია.

44
თემები:
სპორტის ამბები
ფიტნეს–ცენტრი

ფიტნეს–კლუბები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

0
(განახლებულია 08:53 26.01.2021)
სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პერიოდში შემოსავლის წყაროს გარეშე, ფინანსური ვალდებულებების წინაშე პირისპირ დარჩნენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რომ მან გადახედოს სპორტისა და დასვენების სექტორის ფინანსურ და საგადასახადო ვალდებულებებს.

კერძოდ, სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას, ასევე სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ამ ეტაპისთვის, როდესაც ფაქტობრივად ერთი წელია, არ ფუნქციონირებენ, დრამატულად შემცირებულია შემოსავლები და დაგროვილია დავალიანებები, სამწუხაროდ, კომპანიებს არ გააჩნიათ რესურსი საიმისოდ, რომ შეძლონ სასესხო ვალდებულებებისა და გადასახადების გადახდა.

„ჩვენ მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე კრიზისის პირობებში ჯერჯერობით არ მომხდარა ჩვენი ინდუსტრიისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაკმაყოფილება“, – ნათქვამია ბიზნეს–სექტორის წარმომადგენელთა მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარჩნენ შემოსავლის წყაროს გარეშე და მხოლოდ თავიანთი ფინანსური ვალდებულებების პირისპირ – სექტორმა დამატებითი ხარჯები გაიღო, რათა შეესრულებინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

„რეგულაციების გათვალისწინებით შეზღუდული გვქონდა კლუბებში დასაშვები ადამიანების რაოდენობა, სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად აღმართული გვქონდა დამცავი ბარიერები, გადალაგებული გვქონდა ინვენტარი, გამოტოვებით დალუქული გასახდელები, ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებად ვმუშაობდით წინასწარ ჩაწერით და გაძლიერებული გვქონდა დასუფთავებისა და დეზინფექციის პროტოკოლები“, – აღნიშნულია მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე ისინი მთავრობის მიერ განსაზღვრულ დადგენილებებს იცავდნენ.

„ჩვენ ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებს, მივყვებით დადგენილ წესებს, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სფეროს გადარჩენა და მისი სტაგნაციის თავიდან არიდება მხოლოდ საკუთარი ძალებით“, – აცხადებენ სექტორის წარმომადგენლები.

COVID-19-თან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება: რაზე დახარჯავს მერია თანხებს>>

სპორტ–კლუბების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ არსებულ ვითარებაში ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა დაუბრუნდნენ, განიმტკიცონ იმუნიტეტი ფიზიკური აქტივობის საშუალებით.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები