ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა კვლავ მოიგო და ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გადავიდა

81
(განახლებულია 18:56 09.01.2021)
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ალექს დე მინუარს შეხვდება. ეს მეტოქეების პირველი დაპირისპირება იქნება

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე–40 ნომერი АТР–ს რეიტინგში) ანტალიაში (თურქეთი) АТР-250–ის სერიიდან ტურნირის მეოთხედფინალში გადავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა (7:6, 6:4) კორტის მასპინძელი ალთუგ ჩელიქბილექი (309), რისთვისაც მას საათნახევარზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინუარს (23) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი ადრიან ანდრეევი დაამარცხა. აქამდე მეტოქეები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ტურნირი ანტალიაში 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა. შეჯიბრების ბოლო გამარჯვებულია იტალიელი ლორენცო სონეგო.

81
თემები:
სპორტის ამბები (990)
თორნიკე შენგელია

შენგელიამ შეიძლება „ვითიბის“ ერთიანი საკალათბურთო ლიგის ვარსკვლავების მატჩში ითამაშოს

20
(განახლებულია 09:04 27.01.2021)
ქართველი ფორვარდის თამაშის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 ჩახსნას, 2.1 მიწოდებას, ეფექტურობის კოეფიციენტია 13

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრის კენჭისყრით „ვითიბის“ერთიანი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში კანდიდატების გაფართოებულ სიაში მოხვდა.

ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა 10,6%–მა მისცა ხმა. შენგელიამ გაუსწრო ნიკოლა მილუტინოვს (8,6%) და დაუთმო მაიკ ჯეიმსს (67,5%), რომელმაც კენჭისყრა ხმების დიდი სხვაობით, დამაჯერებლად მოიგო.

რეგლამენტის მიხედვით, „ვითიბის“ერთიანი ლიგის გულშემატკივრები თითოეული რუსული კლუბიდან სამ–სამ მოთამაშეს არჩევენ „რუსეთის ვარსკვლავებისა“ და „მსოფლიოს ვარსკვლავების“ ნაკრებებში; ოთხი არარუსული გუნდიდან – სამ–სამ კალათბურთელს „მსოფლიო ვარსკვლავების“ გუნდისთვის.

მას შემდეგ, რაც გაირკვა 66 კალათბურთელის სია, კენჭისყრაში მასმედიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო სიის შემადგენლობა 1 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

შენგელია „ცსკა“–ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელის თამაშის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 ჩახსნას, 2.1 მიწოდებას, ეფექტურობის კოეფიციენტია 13.

20
თემები:
სპორტის ამბები (990)
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

26
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

26
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დავით წერედიანის თარგმანები საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება

0
(განახლებულია 11:34 27.01.2021)
წერედიანი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურის თარგმნას მიუძღვნა ცხოვრების დიდი ნაწილი, 2019 წელს გარდაიცვალა

 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი  გარდაცვალების შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით დააჯილდოვა.

ზურაბიშვილმა პრემია დავით წერედიანის ოჯახს  ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურისა და ლიტერატურის - პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა.

 „ვაჟა ფშაველას პრემიის აღნიშვნა ამ პანდემიის, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროსაც კი მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა ვითარდება და იგი მაინც იტოვებს თავის განმსაზღვრელ როლს საზოგადოებასა და ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავით წერედიანი არა მხოლოდ ღირსეული პოეტი, არამედ გერმანული და ფრანგული პოეზიის შესანიშნავი მთარგმნელიც იყო, რომელიც საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება. ჩვენ გვჭირდება მეტი კარგი მთარგმნელი იმისთვის, რომ „გავიტანოთ“ ჩვენი კულტურა და „შემოვიტანოთ“ სხვა ქვეყნების კულტურა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, როსტომ ჩხეიძეს გაწეული სამუშაოსათვის. ცერემონიას  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

83 წლის ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 2019 წელს   გარდაიცვალა. წერედიანი მრავალი წელი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან აქტიურად დაიწყო თარგმანებზე მუშაობა.
მის ცნობილ თარგმანებს შორისაა გერმანელი და ფრანგი კლასიკოსების ნაწარმოებები: ბოდლერის ნაწარმოებები, ძმები გრიმების ზღაპრები, გოეთეს „ფაუსტი“. სულ ახლახან მან ბრწყინვალედ თარგმნა ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“. არის ლიტერატურული ესეებისა და რამდენიმე კრებულის ავტორი, ასევე ლიტერატურული პრემია „საბას“ (2012) ლაურეატი.

2014 წელს წერედიანს პრემია „საბა“ გადაეცა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის.



0