ირაკლი აბუსერიძე

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გახდა

55
(განახლებულია 22:57 30.12.2020)
არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 20 კლუბის წარმომადგენლებმა, რომელთაც საერთო ჯამში 43 ხმა აქვთ, აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 20 კლუბის წარმომადგენლებმა, რომელთაც საერთო ჯამში 43 ხმა აქვთ. აბუსერიძეს მხარი 31-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო ყოფილ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს – 10-მა. კლუბ „გორდას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ არჩევნებს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა“, – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აბუსერიძემ.

აბუსერიძე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია, რომელიც გუნდში 2000-დან 2013 წლამდე თამაშობდა. ნაკრების შემადგენლობაში აბუსერიძემ 85 მატჩი ითამაშა, რომლებშიც ჯამში 45 ქულა დააგროვა. პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი აბუსერიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში გაატარა.

55
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

5
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

5
რაგბი: საქართველო - რუსეთი

ცნობილია საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრის მორიგი თარიღი

69
(განახლებულია 23:45 25.01.2021)
სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მან ერთი ტურით ადრე მოიგო ევროპის ერთა თასი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელების შტაბმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადება და მოთამაშეთა სასელექციო შეკრება დაიწყო. მატჩი 7 თებერვალს თბილისში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს „შევარდენის“ ბაზაზე შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მისივე თქმით, მზადება საკმაოდ რთულ პერიოდში უწევთ:

„გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ჩატარდება ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში. თამაში გაიმართება 7 თებერვალს, 15:00 საათზე. თუმცა დღემდე არ არის ცნობილი - რომელ სტადიონზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამასთან ცალსახაა, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.

69
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

0
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0