ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სიაში მოხვდა

72
(განახლებულია 23:04 15.12.2020)
რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ქართველი ნახევარმცველი ოთხ შეხვედრაზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ფეხბურთის ობსერვატორიამ CIES-მა საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელთა შორის დაასახელა.

CIES-მ 30 ევროპულ ჩემპიონატის მიხედვით ჩაატარა ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშის კვლევა ექვს კატეგორიაში: სიხისტე (მოგებული დუელები დაცვაში), შერჩევა, გადაცემები (ბურთთან შეხება), დრიბლინგი, საგოლე მომენტების შექმნა და დარტყმები. კვარაცხელიამ დრიბლინგის კატეგორიაში მოიგო.

რუსეთის პირველი ლიგის მიმდინარე სეზონზე ნახევარმცველს ჰქონდა დრიბლინგის 89 მცდელობა, საიდანაც 45 წარმატებული აღმოჩნდა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ფეხბურთელებს იმდენივე მცდელობა ჰქონდათ, რამდენიც ქართველს წარმატებული. კვარაცხელიას დომინირება სახეზეა.

აღსანიშნავია, CIES-ის სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - კონსტანტინე მარადიშვილი. „ცსკას“ 20 წლის მცველმა შერჩევების რაოდენობით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

რუსეთის პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიამ „რუბინის“ სახელით 16 მატჩი ითამაშა, გაიტანა ორი გოლი, ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და თავისი პარტნიორებისთვის რამდენიმე პენალტი „გამოიმუშავა“. ოთხ შეხვედრაზე ქართველი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს >>

 

72
თემები:
სპორტის ამბები (989)
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

14
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

14
რაგბი: საქართველო - რუსეთი

ცნობილია საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრის მორიგი თარიღი

69
(განახლებულია 23:45 25.01.2021)
სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მან ერთი ტურით ადრე მოიგო ევროპის ერთა თასი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელების შტაბმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადება და მოთამაშეთა სასელექციო შეკრება დაიწყო. მატჩი 7 თებერვალს თბილისში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში

„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს „შევარდენის“ ბაზაზე შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“, – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მისივე თქმით, მზადება საკმაოდ რთულ პერიოდში უწევთ:

„გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ჩატარდება ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში. თამაში გაიმართება 7 თებერვალს, 15:00 საათზე. თუმცა დღემდე არ არის ცნობილი - რომელ სტადიონზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამასთან ცალსახაა, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.

69
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

28
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

28