ტატო გრიგალაშვილი

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა - ვიდეო

70
(განახლებულია 22:44 21.11.2020)
ტურნირში სამი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და სამივემ სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვა

თბილისწეე პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.

დღეს ტურნირზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა. კერძოდ, 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა, ფინალში 40 წამში დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლუკა მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ძიუდოისტი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი დაიცავს. წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.

70
თემები:
სპორტის ამბები (930)
საქართელოს კალათბურთის ნაკრები

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ფინეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა

28
ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები, ორი მატჩის მოგების შედეგად, შესარჩევი ტურნირის Е ჯგუფის სათავეშია

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა ფინეთში, სადაც 28 და 30 ნოემბერს EuroBasket-2022-ის ორ შესარჩევ მატჩს ითამაშებს.

ილიას ზუროსის შეგირდები პირველ მატჩში შეხვდებიან ფინეთის ნაკრებს, ორი დღის შემდეგ კი - შვეიცარიის გუნდს.

ქართველი კალათბურთელებისთვის EuroBasket-2022-ის შესარჩევი თამაშები ფორმალური ხასიათისაა, რადგან როგორც ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრებმა კონტინენტურ პირველობაზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები, 96:88 -ით შვეიცარიისა და 94:90-ით სერბეთის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, შესარჩევი Е ჯგუფის სათავეშია.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი. 

28
თემები:
სპორტის ამბები (930)
დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა ტვინზე გაკეთებული ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

130
(განახლებულია 01:02 26.11.2020)
თითქმის ერთი თვის წინ ცნობილი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინზე ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გამოწერეს

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. 1986 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინელი დიეგო მარადონა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელადაა მიჩნეული, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება The Guardian.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, სახელოვანი არგენტინელი საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოსაკვლევად 30 ოქტომბერს დააწვინეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. მარადონა კლინიკიდან 12 ნოემბერს გაწერეს.

ცნობილია, რომ დიეგო მარადონას ნარკოდამოკიდებულების გამო გული აწუხებდა.

გულზე ჩივილებით 2000 და 2004 წლებში ფეხბურთელი საავადმყოფოშიც იწვა. მოგვიანებით მან კუჭის ოპერაციაც გადაიტანა, რათა სიმსუქნე შეეჩერებინა.

მარადონა ხუთჯერ დასახელდა წლის სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელად, 2000 წელს კი მიიღო FIFA-ს „საუკუნის მოთამაშის“ წოდება ინტერნეტგამოკითხვის და ფედერაციის ოფიციალური პირების, მწვრთნელებისა და მოთამაშეების ნომინაციის შედეგად. არგენტინელი საპატიო „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელიცაა.

130
თემები:
მსოფლიო დღეს
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში