საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ წილისყრაზე მეოთხე კალათში იქნება

113
(განახლებულია 20:40 19.11.2020)
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა 7 დეკემბერს გაიმართება, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრაში მეოთხე კალათში იქნებოდა.

ნოემბრის მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ევროპის გუნდებს შორის ადგილი მეოთხე კალათში ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა. თუმცა, წარუმატებლობამ ბოლო სამ თამაშში (მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2), ფრე ესტონეთთან (0:0) მნიშვნელოვნად შეარყია ეროვნული გუნდის პოზიციები. რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ისრაელისა და ბელარუსის გუნდებმა გაუსწრეს.

მეოთხე კალათში ადგილის შენარჩუნებას საქართველოს ნაკრები გარკვეულწილად ლუქსემბურგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ასევე წარუმატებლად ჩაატარა ნოემბრის მატჩები. ამჟამად ეროვნულ ნაკრებს ფიფას რეიტინგში 1274 ქულა აქვს, ხოლო ლუქსემბურგს – 1235.

კალათების შემადგენლობები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისთვის:

  • I კალათა – ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები;
  • II კალათა – შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;
  • III კალათა – რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;
  • IV კალათა – ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;
  • V კალათა – სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;
  • VI კალათა – მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

113
თემები:
სპორტის ამბები (1176)
საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სოფელში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან ტოკიოს ოლიმპიადაზე 27 ივლისს

22
(განახლებულია 17:13 26.07.2021)
საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე 27 ივლისს ორი სპორტსმენი წარმოადგენს - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი

ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო (-81 კგ)

Большой шлем по дзюдо - Тато Григалашвили на татами
© Sputnik / STRINGER
ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილი სულ 21 წლისაა, მაგრამ მსოლფიოს უძლიერეს ძიუდოისტებს შორის უკვე მესამე ადგილი უკავია.

ლოგიკურია ვარაუდი, რომ ქართველი ძიუდოისტი მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტია თავის კარიერაში პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, განსაკუთრებით თუ მის ბოლო სეზონების შედეგებს გადავხედავთ.

გრიგალაშვილი 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსებს შორის. ამას სპორტსმენმა დიუსელდორფის „დიდი სლემის" გამარჯვებაც დაამატა.

მიმდინარე სეზონში გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, ბრინჯაო თბილისის „დიდ სლემზე" და პირველი ადგილი მიიღო დოჰას „მასტერსზე".

ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)

Участник Олимпиады в Токио боксер Эскерхан Мадиев
ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადაზე 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ბრძოლას გამართავს. 1/16 ფინალში ქართველი სპორტსმენის ოპონენტი უგანდელი შადირ ბვოგო იქნება.

22
თემები:
სპორტის ამბები (1176)
ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს

41
(განახლებულია 16:54 26.07.2021)
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედალი მიულოცა.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული

„კიდევ ერთი მედალი! საქართველო ამაყობს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ლაშა შავდათუაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს", – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა, ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე წუთზე ონო აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში და ოქროც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).

ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66).

41
კოლხეთის ეროვნული პარკი

საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში მოხვდა

0
მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულია მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს ოთხ ნაკრძალს - მტირალას ეროვნული პარკი,  კოლხეთის ეროვნული პარკი,  კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ნათქვამია იუნესკოს Twitter-ის გვერდზე.

„კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბრავო!“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იუნესკოში განაცხადი შეიტანა. ყველა ეს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე ძველი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“, - დაწერა ღარიბაშვილმა.

 როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.

„მსოფლიო მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში ხვდება ის უნიკალური ტერიტორიები, რომელთა პირველყოფილი სახით შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად ჩამონათვალი ბუნების 200 ძეგლს მოიცავს.

• მტირალას პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.

მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.

მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

• კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს.

პარკის შემადგენლობაში შედის კოლხეთის ჭაობები, რომლებიც შემორჩა რელიქტური ტროპიკული და სუბტროპიკული ეკოსისტემიდან, რომელიც ევრაზიაში 10 მილიონი წლის არსებობდა. პარკში ზამთრობენ ისეთი გადამფრენი ფრინველები, როგორებიცაა კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები, იხვები, ბატები, გედები, ჩვამები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და კოლხური ხოხობი.

გარდა ამისა, პარკში ბინადრობს 16 სახეობის ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა და რამდენიმე სახეობის ღამურა. ასევე ბინადრობენ ტურა, გარეული ღორი, შველი, წავი. კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.

• ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.

• კინტრიშის დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარაში და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ნაკრძალში შემორჩენილია მესამეული პერიოდის ენდემური და რელიქტური სახეობის უამრავი მცენარე.

0