ვლადიმერ ვაისი

ვლადიმერ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა ცნობილი გახდა მისი შემცვლელი ესტონეთთან მატჩზე

85
(განახლებულია 21:23 16.11.2020)
გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს დროებით ქართველი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა ნაადრევად დატოვა. ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ბოლო მატჩში, სადაც საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება, გუნდს სათამაშოდ რამაზ სვანაძე გაიყვანს. განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერ ვაისთან შეთანხმებით მიიღო საქართველოსა და სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ.

ერთა ლიგის გათამაშების დასკვნით მატჩში, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს შორის 18 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოვალეობას 39 წლის რამაზ სვანაძე შეასრულებს. სვანაძე ნაკრებში დროებით, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე იმუშავებს.

რამაზ სვანაძე პარალელურად საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ახალი მწვრთნელის ძიება უკვე მიმდინარეობს და კანდიდატი უახლოეს მომავალში შეირჩევა.

სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2016 წლის მარტიდან წვრთნის. ამ დროის განმავლობაში მისი მეთაურობით ეროვნულმა გუნდმა 47 შეხვედრა გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთთან დამარცხდა>>

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

მან ვლადიმერ ვაისსა და სამწვრთნელო შტაბს ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. იაშვილმა ასევე ისაუბრა 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართ მატჩზე, ახალ მწვრთნელსა და საქართველოს ნაკრების მომავალზე.

„რამაზ სვანაძე, რომელიც ჩვენს გუნდს ესტონეთთან შეხვედრაში უხელმძღვანელებს, 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა იაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასევე მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერს. ეს სპეციალისტები საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისთან ერთად მუშაობდნენ.

ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ფინალში ითამაშა, თუმცა ეს შეხვედრა წააგო.

85
თემები:
სპორტის ამბები (941)
რაგბი. საქართველო–ირლანდია

ქართველი მორაგბე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

19
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩვენი გუნდის მხრიდან ერთადერთი ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 5 ლელოა

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23 წლის ქართველმა ცენტრმა გამოკითხვაში, რომელიც ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჩატარდა, ხმების 88.8 პროცენტი მოაგროვა, რითაც ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებს აჯობა.

გიორგი კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. კვესელაძემ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში ლელოს გატანა ხუთჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისისა და უელსის ნაკრებებთან ბორჯღალოსნებმა მშრალი ანგარიშით 0:40 და 0:18 წააგეს.

ირლანდიასთან კი მე-16 წუთზე დადებული კვესელაძის ლელოს შემდეგ თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმის 47-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმაც გაიტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 23:10 დამარცხდა.

19
თემები:
სპორტის ამბები (941)
თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

32
საქართველომ, როგორც „ევრობასკეტ-2022“-ის მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტურ პირველობაზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში შვეიცარიის გუნდი ანგარიშით 91:84 დაამარცხა. თამაში ფინეთის ქალაქ ესპოოში შედგა.

ყველაზე კარგ შედეგს გამარჯვებულების შემადგენლობაში ტედ მაკფადენმა მიაღწია და 24 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, ანგარიშზე 17 ქულა, ექვსი მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემაა. 10 ქულაზე მეტი მოაგროვა ჩვენი გუნდის კიდევ ორმა მოთამაშემ - გივი ბაქრაძემ (12) და გიორგი შერმადინმა (11).

 

Игрок сборной Грузии по баскетболу Тед Макфадден
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე ტედ მაკფადენი

ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის პირველი სამი მეოთხედი მოიგეს (27:24, 19:15, 19:15) და მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში მისცეს თავს მოდუნების უფლება, შედეგად შვეიცარიამ ოთხქულიანი უპირატესობა 26:30 მოიპოვა.

დღევანდელი წარმატება ილიას ზუროსის გუნდისთვის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე გამარჯვებაა. ადრე საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია მისსავე პარკეტზე დაამარცხა (96:88), სერბეთს 94:90 მოუგო, ორი დღის წინ კი ფინეთის ნაკრებზეც გაიმარჯვა (91:85). სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველო თავისი ჯგუფის ლიდერია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით თამაშს საქართველოს ნაკრები თებერვალში გამართავს. სავსებით მოსალოდნელია, მატჩი თბილისში ჩატარდეს. 19 თებერვალს ზუროსის გუნდი შეხვდება სერბეთს, ორი დღის შემდეგ კი - ფინეთის ნაკრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

32
თემები:
სპორტის ამბები (941)
შეტაკება აქციაზე

 „დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა

0
ვაშაყმაძე საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქუაშვილის პარტიის წევრია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბათუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო სკანდალში გაეხვა. 

გუშინ ვაშაყმაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას.

 სოციალური ქსელის მომხმარებელთა კრიტიკის გამო, ვაშაყმაძემ ვიდეო წაშალა, თუმცა, ტელეკომპანია "იმედმა" ვიდეოს შენახვა მოასწრო და საზოგადოებას წარუდგინა.

„უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ,  თავი უნდა ვუჩეჩქოთ და ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დავტოვოთ, რათა სხვა პოლიციელებისთვის მაგალითი იყოს და მათ ხალხზე ხელის აწევა ვეღარ გაბედონ. რადგან ისინი ძალადობაზე გადმოდიან, ჩვენც ძალადობაზე გადავალთ“, – განაცხადა ვაშაყმაძემ ვიდეომიმართვაში.

მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

 „არ უარვყოფ, რომ აღელვების ნიადაგზე მოქალაქეების მოწოდებასავით გამომივიდა. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც მიცნობს, რომლებმაც კარგად იციან, რომ პირადად მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ... როცა ამას ვამბობდი უბრალოდ აღელვებული ვიყავი“, – განაცხადა ვაშაყმაძემ.

ვაშაყმაძე საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქუაშვილის პარტიის წევრია. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „გამარჯვებული პარტიიდან“ მონაწილეობდა.

ვაშაყმაძე აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა იმართება. ორშაბათს, საპროტესტი აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე ფაქტი მოხდა.

რეაქციები

ოქრუაშვილის პარტიას გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ვაშაყმაძე უკვე გახდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კრიტიკის ობიექტი.

 „მსგავსი სამარცხვინო და ამორალური განცხადებები და მოწოდებები ამ აქციის ლეიტმოტივი ვერ გახდება, რამდენადაც ჩვენ მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს. ამ განცხადების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასლან ვაშაყმაძეს ამ აქციებზე საჯარო ტრიბუნა არ დაეთმობა“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.



 

0