ვლადიმირ ვაისი

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

69
(განახლებულია 13:11 13.11.2020)
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სლოვაკი სპეციალისტის წასვლის შემდეგ.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თანამდებობას უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში სომხეთთან (15 ნოემბერს) და ესტონეთთან (18 ნოემბერს) გამართული მატჩების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების დამარცხების (0:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღევანდელი დღისთვის ბოდიშს ვიხდი. დამარცხებისთვის მთელ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. ეს ფეხბურთია, ასეთია ცხოვრება. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებსა და გულშემატკივარს. ჩრდილოეთ მაკედონიას გამარჯვებისთვის ერთი გოლი ეყო. ვულოცავ მათ – დღეს მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს“, – განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე.

ამის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი მუშაობის დრო დასასრულს უახლოვდება.

„ჩემი მუშაობა აქ სრულდება. ორი მატჩის შემდეგ – სომხეთთან და ესტონეთთან საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ვასრულებ ხუთწლიან პერიოდს ქართული გუნდის საჭესთან. დღეს ყველასთვის ძალზე უიღბლო დღეა... მინდა ყველას მადლობა გადავუხადო – ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს და კიდევ ერთხელ ვთხოვო პატიება“, – განაცხადა ვაისმა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა, ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.

საქართველოს ნაკრები თბილისში უეფას ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება.

69
თემები:
სპორტის ამბები (926)
შოთა არველაძე

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

31
(განახლებულია 18:52 23.11.2020)
გასულ კვირაში ტაშკენტის კლუბი „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იუწყება გამოცემა zamin.uz.

შეთანხმების ვადა ქართველ სპეციალისტსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის მიწურულს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

გასულ კვირაში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

31
თემები:
სპორტის ამბები (926)
საქართველოს თასი. „გაგრა – თბილისის „დინამო

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში კორონავირუსის გამო გადაიდო

22
(განახლებულია 18:37 23.11.2020)
თავდაპირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩი 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში „სამგურალსა“ (წყალტუბო) და „გაგრას“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 25 ნოემბერს იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი გუნდის (რომელი გუნდია, დაზუსტებული არ არის) რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფედერაციამ საქართველოს თასის ფინალი 4 დეკემბერს გადაიტანა.

თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ფინალში ქართული ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბები შეხვდებიან. „სამგურალისთვის" ეს კლუბის ისტორიაში მეორე ფინალია, ხოლო „გაგრისთვის“ – მესამე.

საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია თბილისის „საბურთალო“.

22
თემები:
სპორტის ამბები (926)
მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

0
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში