საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

ისტორიული მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა: საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია - 0:0

91
(განახლებულია 23:17 12.11.2020)
მატჩის გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქე გუნდებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება. 

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის ფინალური ეტაპის ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 0:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა პირველი წუთებიდანვე გარდამავალი უპირატესობითა და უხეშობით დაიწყო. პირველი რეალური მომენტები საქართველოს ნაკრებმა, უფრო კონკრეტულად თორნიკე ოქრიაშვილმა შექმნა. 28-ე წუთზე თორნიკემ შეხვედრის პირველი ზუსტი დარტყმა განახორციელა, რომელიც მაკედონიელთა მეკარემ მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ ჩრდილოეთ მაკედონიამ ტერიტორიული უპირატესობის ხარჯზე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მეტოქე გუნდის თავდამსხმელის, გორან პანდევის თავური ჩვენმა მეკარემ, გიორგი ლორიამ მოიგერია და ჩრდილოეთ მაკედონიის ერთადერთი რეალური მომენტი გაანეიტრალა.

მეორე მხრივ არც საქართველოს ნაკრები იყო უსაქმოდ. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეთა რამდენიმე წუთიანი აქტიურობისას თავისუფალი სივრცეები გამოიყენეს და სახიფათო კონტრშეტევები განახორციელეს. საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა.

მატჩის შემადგენლობები ასეთია:

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი - კვეკვესკირი, კანკავა - ყაზაიშვილი, გვილია, ოქრიაშვილი - კაჭარავა.

ჩრდილოეთ მაკედონია (3-5-2): დიმიტრიევსკი - ბეიტულაი, მუსლიუ, დ.ველკოვსკი - რისტოვსკი, ადემი, ელმასი, ნიკოლოვი, ალიოსკი-ნესტოროვსკი, პანდევი.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ბოლო მომენტში ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდა, მათ 10 ნოემბერს გაკეთებულ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრებს თადარიგში 12 ფეხბურთელი ჰყავს: გიორგი აბურჯანია, მურთაზ დაუშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გია გრიგალავა, ჯაბა ჯიღაური, დავით ხოჭოლავა, ლაზარე კუპატაძე (მ), ელგუჯა ლობჯანიძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მაკარიძე (მ), გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი.

მატჩის გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქე გუნდებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება. 

 

ერეკლე ხიტალიშვილი

91
თემები:
სპორტის ამბები (926)
შოთა არველაძე

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

30
(განახლებულია 18:52 23.11.2020)
გასულ კვირაში ტაშკენტის კლუბი „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იუწყება გამოცემა zamin.uz.

შეთანხმების ვადა ქართველ სპეციალისტსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის მიწურულს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

გასულ კვირაში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

30
თემები:
სპორტის ამბები (926)
საქართველოს თასი. „გაგრა – თბილისის „დინამო

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში კორონავირუსის გამო გადაიდო

22
(განახლებულია 18:37 23.11.2020)
თავდაპირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩი 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში „სამგურალსა“ (წყალტუბო) და „გაგრას“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 25 ნოემბერს იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი გუნდის (რომელი გუნდია, დაზუსტებული არ არის) რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფედერაციამ საქართველოს თასის ფინალი 4 დეკემბერს გადაიტანა.

თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ფინალში ქართული ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბები შეხვდებიან. „სამგურალისთვის" ეს კლუბის ისტორიაში მეორე ფინალია, ხოლო „გაგრისთვის“ – მესამე.

საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია თბილისის „საბურთალო“.

22
თემები:
სპორტის ამბები (926)
სანდრა გადელია

სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეშვიდე ნომრად წარდგება

0
სანდრა გადელია კონკურსზე წარადგენს გიორგი კუხიანიძის სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ და, როგორც ყველა მონაწილე, სამშობლოდან იმღერებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი „საბავშვო ევროვიზია-2020-ზე“ სანდრა გადელია კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა, აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორი იქნება ევროვიზიის საიმიჯო კლიპი – ვიდეო >>

მე-18 საერთაშორისო კონკურსის - „საბავშვო ევროვიზია-2020-ის“ ფინალი მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 29 ნოემბერს პოლონეთში ვიდეოხიდის ფორმატით გაიმართება. საორგანიზაციო ჯგუფი და წამყვანები ღონისძიებას ვარშავის სტუდიიდან გაუძღვებიან, ყოველი მონაწილე კი სიმღერას თავის სამშობლოში შეასრულებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ.

კონკურსანტი საქართველოდან შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის.

მე-18 საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, სერბეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა