ნონა გაფრინდაშვილი

მჯერა თქვენი წარმატების - ნონა გაფრინდაშვილის ემოციური მიმართვა საქართველოს ნაკრებისადმი

68
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და ფეხბურთის დიდმა ქომაგმა გუნდს უსურვა გამარჯვება, რომელსაც მასთან ერთად მთელი ქვეყანა ელოდება.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“, რომელიც გამოჩენილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელს, ვლადიმერ გუცაევს მიჰყავს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები და მიაღწიეთ იმ დონეს, რომ დღეს მთელი საქართველო ამ თამაშს გულანთებული ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაფერს დადებთ, რომ გაიმარჯვოთ. თუმცა, ეს სპორტია, მოედანზე გასვლამდე კი ნერვებს ვერ მოთოკავთ, მაგრამ შემდეგ უნდა დამშვიდდეთ და დადოთ მთელი სული და გული – დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებთ. ჩვენი ქვეყანა ამ ამბავს დიდი ხანი ელოდა. წარმატებებს გისურვებთ“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

მან ასევე მხარი დაუჭირა იმ მოთამაშეებს, რომლებიც დღეს გუნდს ვერ დაეხმარებიან. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე და ლევან შენგელიაზე, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მინდა, მივმართო იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს, რომ გუნდი ამ შეხვედრას ატარებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი დღესაც ამ გუნდის ნაწილი არიან და მინდა, რომ ჩქარა დაუბრუნდნენ გამარჯვებულ გუნდს“, - მიმართა მოთამაშეებს ლეგენდარულმა მოჭადრაკემ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართება. შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის. ფინალში ასევე ჩართული იქნება VAR სისტემა. გამარჯვებული 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

68
თემები:
სპორტის ამბები (936)
საქართველოს რაგბის ნაკერები

საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია

23
უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველომ 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გაასაჯაროვა ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის, რომელიც „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში 29 ნოემბერს დუბლინში „ავივა სტედიუმზე“ გაიმართება.

უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა.

საქართველოს რაგბის ნარების შემადგენლობა ირლანდიასთან:

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი („ლესტერ ტაიგერს“, ინგლისი), ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი („აია“, საქართველო), ლაშა ჯაიანი („არმაზი“, საქართველო) , ბექა საღინაძე („ორიაკი", საფრანგეთი), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი", საფრანგეთი), ბექა გორგაძე („ბორდო", საფრანგეთი)

ნახევარდაცვა:

ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე („ბრივ“, საფრანგეთი).

უკანა ხაზი:

თამაზ მჭედლიძე („რუანი", საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, კლუბის გარეშე), გიორგი კვესელაძე („არმაზი", საქართველო), აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარაცინს", საქართველო), სოსო მათიაშვილი („აკადემია", საქართველო).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს რეზერვში ორი დებიუტანტი ჰყავს. ეს არის 18 წლის დავით ნინიაშვილი და 20 წლის მიხეილ ალანია.

„ისეთი დონის გუნდებთან ვთამაშობთ, რომლებსაც მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერ გააკვირვებ. შეტევაში ვარიაციებია საჭირო. ჩვენ გვქონდა დრო, რათა ამაზე გვემუშავა, და ამ კუთხით მწვრთნელების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ირლანდია უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე უელსი, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მატჩიდან მატჩამდე გამოცდილებას ვიღებთ, მორაგბეებიც და მწვრთნელებიც“, - განაცხადა მაისაშვილმა შეხვედრის წინ.

Тренировка сборной Грузии по регби
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ თამაშში გადამწყვეტი ასევე სტატიკური ფაზები იქნება.

„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფურ სტადიაზე ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ დასკვნითი იქნება. პირველ ორ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ვერცერთი ქულა ვერ აიღეს და ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) წააგეს.

საქართველოს და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივეჯერ „მწვანეებმა“ გაიმარჯვეს. დაპირისპირების საერთო ანგარიშია 196:31, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით ირლანდიამ საქართველოს 1998 წელს მოუგო - 70:0.

მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის 18:00 საათზე დაიწყება.

23
თემები:
სპორტის ამბები (936)
საქართველოს კალათბურთის ნაკრების შეხვედრა სერბეთთან

საქართველო-ფინეთი: მეტოქე გუნდში ქართულ ტრიოს უფრთხიან

51
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის გუნდს ხუთჯერ დაუპირისპირდა. აქედან სამჯერ გამარჯვება ფინელებმა მოიპოვეს. გუნდებს შორის რიგით მეექვსე შეხვედრა დღეს 21:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის ქალაქ ესპოოში „მეტრო არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრები ფინეთში „ევრობასკეტის“ შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის 24 ნოემბერს გაემგზავრა. ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ ნატურალიზირებული მოთამაშე თად მაკფადენი და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი. მათთან ერთად ჩაფრინდნენ ფინეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი, გიორგიოს ლიმნაიტისი.

საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, NBA-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე. თუმცა სრულ მზადყოფნაშია მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მან 26 ნოემბერს მოსკოვში, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ჩაატარა, ხოლო თამაშის დასრულებისთანავე თორნიკე ფინეთში გაფრინდა და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანმა „რეალთან“ ჩატარებულ მატჩში საკუთარი გუნდისთვის 15 ქულა მოაგროვა და შეხვედრაც მოსკოველთა სასარგებლოდ 74-73 დასრულდა. შენგელიამ მგზავრობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დროულად და უპრობლემოდ მოაგვარა, რასაც ვერ ვიტყვით თად მაკფადენზე.

ამერიკული წარმოშობის კალათბურთელს 25 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელს კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ მან არაერთი ტესტი ჩაიტარა. სწორედ ამიტომ მაკფადენს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა, რომელზეც პასუხი უკვე უარყოფითი აღმოჩნდა. აღნიშნული გაუგებრობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკელი მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა.

მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა. მან აღნიშნა, რომ ფინელებს მაღალ ტემპში უყვართ თამაში და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ზუროსის თქმით, ისინი მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ითამაშებენ და შეეცდებიან, რომ მოწინააღმდეგეს კარგად ორგანიზებული დაცვა შესთავაზონ.

„ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს სულ ხუთჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც ორჯერ მოვახერხეთ გამარჯვება, სამჯერ კი დავმარცხდით.

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ფინეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე მიკო ლარკასმა. მისი თქმით, ფინელები ყველაზე მეტად თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინსა და თად მაკფადენს უფრთხიან.

„საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად არის დამოკიდებული შენგელია-შერმადინი-მაკფადენის ტრიოზე. ის, რომ გუნდს შენგელიაც ემატება, მათთვის დიდი პლიუსია, რადგანაც თორნიკეს გუნდის ერთიორად გაძლიერება შეუძლია. უკანასკნელი ფანჯრის დროს ქართველები ფარქვეშ მაქსიმალურად ცდილობდნენ შერმადინის დატვირთვას, ეს ხელ-ფეხს სხვა მოთამაშეებს უხსნიდა, შენგელიასა და მაკფადენს კი შესატევ პოზიციაზე გასვლა იოლად შეუძლიათ. ჩვენი უპირატესობა სწრაფი გადაადგილება და შეტევა უნდა გახდეს. მათ სირბილში უნდა ვაჯობოთ”, - განაცხადა მიკო ლარკასმა.

შეხვედრამდე მოკლე კომენტარი გააკეთა ფინელთა თავკაცმაც, მისი თქმით, საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფინეთთან შეხვედრის შემდეგ 30 ნოემბერს შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება. ილიას ზუროსის შეგირდებს „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ. მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე დაამარცხა შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

51
თემები:
სპორტის ამბები (936)
დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

0
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში