ტატო გრიგალაშვილი

გუნდური პირველი ადგილი: ჩვენმა ძიუდოისტებმა ხორვატიიდან რვა მედალი წამოიღეს

41
(განახლებულია 17:16 11.11.2020)
ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის პროდუქტიული გამოდგა. გრიგალაშვილმა და მაისურაძემ ჩემპიონობა იზეიმეს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ხორვატიაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მოპოვებული მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. მესამე ადგილებზე თავიანთ წონით კატეგორიებში ბაგრატ ნინიაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი გავიდნენ, ხოლო თემურ ნოზაძე კონსტანტინ სიმეონიდისთან ფინალში მარცხის შემდეგ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მეორე საჭიდაო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის ბევრად შედეგიანი გამოდგა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელმაც იტალიელ ფალკონეს იპონით სძლია.

ასევე წარმატებული გამოდგა ლუკა მაისურაძის გამოსვლაც. მან 90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში რუს მეტოქეს ეკუბჟონ ნაზიროვს იპონით მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ონისე სანებლიძემ, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი ფრანგ ძიუდოისტზე გამარჯვებით მოიპოვა. +100 წონით კატეგორიაში კი გელა ზაალიშვილმა ფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოშთან დათმო და შედეგად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და აღნიშნული შედეგით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის ხორვატიის ქალაქ პორეჩეში გაიმართა.

41
თემები:
სპორტის ამბები (934)
ბაკურიანი

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება

37
ყველა სახელმწიფო დაწესებულება მთლიანად უჭერს მხარს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების პროექტს EYOF Winter 2025

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ბაკურიანმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. გადაწყვეტილება დღეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ–ი).

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიურმი კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. დელეგატებმა მანამდე სამწუთიანი ვიდეორგოლი ნახეს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

გაზაფხულს შემდეგ სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. „ამ ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო“, აღნიშნავენ სეოკ–ში.

საქართველომ 2015 წელს პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი 50 ქვეყნიდან.

37
თემები:
სპორტის ამბები (934)
ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ დამარცხდა

39
(განახლებულია 15:43 27.11.2020)
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრა ჩატარებული მატჩში სამი გოლი გაიტანა, 42 კი გაუშვა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტას უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა. 

შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ნახევარში ზამიტისა და ბუგეჯას გატანილი გოლებით მალტის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმიც მალტელთა შეტევებით დაიწყო და 58-ე წუთზე ბუგეჯას მიერ შესრულებული დუბლის წყალობით საბოლოო ანგარიში, 0-4 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ გოგონებს შეხვედრის მიმდინარეობისას რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ.

ლევან ბაჯელიძის გოგონებმა აღნიშნულ ჯგუფში ცხრა მატჩი ჩაატარეს და ყველა წააგეს. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მეექვსე პოზიციაზეა – მათ ანგარიშზე 42 გაშვებული და სამი გატანილი გოლია.

ქალთა ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

39
თემები:
სპორტის ამბები (934)
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში