მსაჯი ენტონი ტეილორი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს ინგლისელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება

42
(განახლებულია 13:54 11.11.2020)
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ფინალს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება, ინგლისელი მსაჯების ბრიგადა განსჯის გამოცდილი ენტონი ტეილორის ხელმძღვანელობით.

ტეილორს დაეხმარებიან გვერდითი მსაჯები ჰარი ბესვიკი და ადამ ნანი. მეოთხე სარეზერვო მსაჯია კრეიგ პოუსონი. ფინალში VAR სისტემა იქნება ჩართული, რომელზეც ასევე ინგლისის წარმომადგენლები იმუშავებენ – სტიუარტ ეტუელი და პოლ ტირნი.

42 წლის ტეილორი ინგლისის პრემიერ-ლიგის მატჩებს უკვე 10 წელია ემსახურება. ის ასევე რეგულარულად მსაჯობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ერთა ლიგის მატჩებზე.

ტეილორი საკმაოდ მკაცრი მსაჯია და გაფრთხილებების კუთხით „ძუნწი“ არ არის. ამ სეზონზე ინგლისელმა ცხრა მატჩზე იმუშავა და 36 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი აჩვენა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

42
თემები:
სპორტის ამბები (926)
შოთა არველაძე

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

31
(განახლებულია 18:52 23.11.2020)
გასულ კვირაში ტაშკენტის კლუბი „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იუწყება გამოცემა zamin.uz.

შეთანხმების ვადა ქართველ სპეციალისტსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის მიწურულს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

გასულ კვირაში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

31
თემები:
სპორტის ამბები (926)
საქართველოს თასი. „გაგრა – თბილისის „დინამო

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში კორონავირუსის გამო გადაიდო

22
(განახლებულია 18:37 23.11.2020)
თავდაპირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩი 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში „სამგურალსა“ (წყალტუბო) და „გაგრას“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 25 ნოემბერს იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი გუნდის (რომელი გუნდია, დაზუსტებული არ არის) რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფედერაციამ საქართველოს თასის ფინალი 4 დეკემბერს გადაიტანა.

თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ფინალში ქართული ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბები შეხვდებიან. „სამგურალისთვის" ეს კლუბის ისტორიაში მეორე ფინალია, ხოლო „გაგრისთვის“ – მესამე.

საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია თბილისის „საბურთალო“.

22
თემები:
სპორტის ამბები (926)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ნოემბერს

0
(განახლებულია 14:25 21.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს