ფეხბურთი. საქართველო–სომხეთის დაპირისპირება

საქართველოს ნაკრები „ფიფას“ რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

104
(განახლებულია 20:51 22.10.2020)
საქართველოს ეროვნული გუნდი პროგრესს განაგრძობს. „ფიფას“ რეიტინგში ლიდერობას კი ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. მონაცემები „ფიფას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლდა.

ოქტომბერში ჩატარებულ სანაკრებო შეხვედრებამდე საქართველო 89-ე პოზიციას იკავებდა. ბელარუსთან გამარჯვებამ, ასევე სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრებმა ვლადიმირ ვაისის გუნდს „ფიფას“ რეიტინგში 13 ქულა შემატა. შესაბამისად, განახლებულ რეიტინგში ჩვენი ქვეყნის ნაკრები ახლა 1287 ქულით 86-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ბელარუსს გადაასწრო, რომელიც 3 საფეხურით დაქვეიდა და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

განახლებული რეიტინგის სათავეში შესამჩნევად არაფერი შეცვლილა. ლიდერობას 1765 ქულით კვლავ ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს. მეორე და მესამე ადგილებს კი საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები იკავებენ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 ოქტომბერს ნახევარფინალში ბელარუსი დაამარცხა და ერთა ლიგის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი მოწინააღმდეგე განახლებულ რეიტინგში 65-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

104
თემები:
სპორტის ამბები (990)
თორნიკე შენგელია

შენგელიამ შეიძლება „ვითიბის“ ერთიანი საკალათბურთო ლიგის ვარსკვლავების მატჩში ითამაშოს

30
(განახლებულია 16:22 27.01.2021)
ქართველი ფორვარდის საშუალო მაჩვენებელი ერთ თამაშში შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.1 პასს, მისი ეფექტურობის კოეფიციენტია 13.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრის კენჭისყრით „ვითიბის“ ერთიანი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში კანდიდატების გაფართოებულ სიაში მოხვდა.

ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა 10,6%-მა მისცა ხმა. შენგელიამ გაუსწრო ნიკოლ მილუტინოვს (8,6%), მაგრამ წააგო მაიკ ჯეიმსთან (67,5%), რომელმაც კენჭისყრა ხმების დიდი უპირატესობით, დამაჯერებლად მოიგო.

რეგლამენტის მიხედვით, „ვითიბის“ ერთიანი ლიგის გულშემატკივრები თითოეული რუსული კლუბიდან სამ–სამ მოთამაშეს არჩევენ „რუსეთის ვარსკვლავებისა“ და „მსოფლიო ვარსკვლავების“ ნაკრებებში; ოთხი არარუსული გუნდიდან – სამ–სამ კალათბურთელს „მსოფლიო ვარსკვლავების“ გუნდისთვის.

მას შემდეგ, რაც გაირკვევა 66 კალათბურთელის სია, კენჭისყრაში მასმედიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო სიის შემადგენლობა 1 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

შენგელია „ცსკა“-ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ერთ თამაშში შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.1 პასს, მისი ეფექტურობის კოეფიციენტია 13.

30
თემები:
სპორტის ამბები (990)
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

27
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

27
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0