UFC-ს ტურნირი

ქართველმა მებრძოლმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

100
გამარჯვების მიუხედავად ქართველი სპორტსმენი უკმაყოფილო დარჩა. მან განაცხადა, რომ ეს მისი მეტოქის ბრძოლა იყო

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ს სერიის ტურნირზე აბუ-დაბიში სადებიუტო ბრძოლა გამართა და პოლონელ მატეუშ გამროტს სძლია.

მსაჯების აზრი გაიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით ქუთათელაძემ გაიმარჯვა - 29:28, 28:29, 29:28.

მეტოქეები ერთმანეთის ღირსები იყვნენ - გამროტს ამ მომენტამდე ზედიზედ 17 მოგება ჰქონდა, ქუთათელაძეს ზედიზედ რვა ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

წარმატების მიუხედავად, ქართველი სპორტსმენი თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

„ეს არ იყო ჩემი ბრძოლა. მე არ მომიგია და არ მიხარია. ეს ის არ იყო, რასაც ველოდი. მატეუშ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ - ეს შენი ბრძოლა იყო“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ქუთათელაძემ.

ეს გამარჯვება ქართველი მებრძოლისთვის MMA-ში მე-12 გახდა, წაგება კი ორი აქვს.

100
თემები:
სპორტის ამბები (872)
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

34
(განახლებულია 16:33 28.10.2020)
სპორტული არენის გახსნაში, რომელიც პანდემიის გამო ძალზე მოკრძალებულად აღინიშნა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და სპორტის ვეტერანები.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ძალზე მოკრძალებულად, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.

ახალი სპორტული არენის აშენება აჭარის მთავრობას 141 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).

სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად აშენდა, განათებისა და ბგერის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი. სტადიონი ცეკვა „ხორუმის“ მოტივებზეა აგებული. ფიგურები ფასადის გასწვრივ მოცეკვავეების მოძრაობებს გამოსახავს. სტადიონის ფასადი, მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერში განათდება.

სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის, სფფ-ის წარმომადგენლები და სპორტის ვეტერანები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში სტადიონის გახსნით ქართველი გულშემატკივრის ოცნება ახდა.

„ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერი, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ როგორც კი პანდემია დამთავრდება, ის აჭარაში აუცილებლად მოუყრის თავს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს.

Георгий Гахария на открытии нового батумского стадиона
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კალაძემ.

უახლოეს პერიოდში სფფ-ს ბათუმის ახალ სტადიონზე ორი საერთაშორისო მატჩი აქვს დაგეგმილი და მან უკვე გაგზავნა განაცხადი უეფაში სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან საქართველოს ნაკრების მატჩებთან დაკავშირებით.

Новый батумский стадион - церемония открытия
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.

34
თემები:
სპორტის ამბები (872)
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი

განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა

29
(განახლებულია 18:34 27.10.2020)
ნოემბრის ბაშო, რომელზეც ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება, ტოკიოში 8-22 ნოემბერს გაიმართება.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ქართველი სუმოისტი ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იასპარეზებენ სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე.

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მხოლოდ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. მან წინა სუპერტურნირი მეოთხე მაეგაშირას წოდებით დაასრულა.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავ იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ არიან. ოძეკის წოდებით ტაკაკეიშო, ასანოიამა და შოდაი იასპარეზებენ.

მომდევნო ბაშო 8 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება. ტურნირს კოკუგიკანი უმასპინძლებს. ლევანის პირველი მეტოქის ვინაობას ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე გავიგებთ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ქართველი სუმოისტის რეგრესი. თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ მე-5 დივიზიონში დაქვეითდა და 46-ე ნომერი იქნება.

ნოემბრის ბაშოს, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, 5000 მაყურებელი დაესწრება. კორონავირუსის პანდემიის გამო წინა ბაშოს ბევრად ნაკლები მაყურებელი ესწრებოდა.

29
თემები:
სპორტის ამბები (872)
სასწრაფო დახმარება

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 დაშავდა 11 ადამიანი

0
(განახლებულია 08:16 30.10.2020)
ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 „2020 წლის  30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

პირველი არხის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორში გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში