ფეხბურთის ბურთები

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს მოუგო

49
(განახლებულია 22:01 13.10.2020)
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აქტივში, ცხრა ჩატარებული მატჩის შემდეგ, 12 ქულაა და გუნდი შესარჩევ ჯგუფში ამჟამად მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა (U-21) აზერბაიჯანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 1:0 დაამარცხა. შეხვედრა გორში გაიმართა.

ერთადერთი გოლი მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს თბილისის „საბურთალოს“ თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა რვა საგოლე დარტყმიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლეს. ასევე აღსანიშნავია, რომ 77–ე წუთიდან აზერბაიჯანელები უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათის შემდეგ მინდვრიდან თურან ვილიზადა გააძევა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში, ცხრა ჩატარებული მატჩის შემდეგ, 12 ქულაა და ვასილ მაისურაძის გუნდი შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზეა.

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დასკვნით მატჩს სლოვაკეთის წინააღმდეგ 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს.

49
თემები:
სპორტის ამბები (866)
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა - ამერიკელმა მას ცხვირი გაუტეხა

39
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ეგიდით უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) დამარცხდა ამერიკელ მირანდა მავერიკთან UFC-ს (Ultimate Fighting Championship) ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში იმართება.

მსაჯებმა ბრძოლა პირველივე რაუნდში გააჩერეს, რადგან ამერიკელმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლის გაჩერების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ჯოჯუამ თავის Instagram-ზე.

ბრძოლის დაწყებისთანავე მავერიკმა ხელის სიგრძეში უპირატესობა მოიპოვა. ჯოჯუას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ფეხებში შეებოჭა მეტოქე, მაგრამ ყოველ მცდელობისას თავში პირდაპირი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი იდაყვით ხისტი დარტყმა მიიღო, რომელიც ცხვირის გატეხვის მიზეზი გახდა. ექიმებმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოჯუას ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

ჯოჯუასთვის ეს UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა იყო, საიდანაც მან ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა.

39
თემები:
სპორტის ამბები (866)
ხაბიბ ნურმაგომედოვი

ხაბიბმა UFC-ს მებრძოლის კარიერა მარცხის გარეშე დაასრულა

65
ჰაბიბ ნურმაგომედოვმა დედას პირობა მისცა, რომ კარიერას დაასრულებდა. მან სიტყვა შეასრულა და თავისი უკანასკნელი ბრძოლა მოიგო

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. UFC-ს ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაიცვა საკუთარი ტიტული ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

ხაბიბმა პირველივე წუთებიდან მოქმედება ჩვეულ მანერაში დაიწყო და მეტოქე ბადესთან მიიმწყვდია. რუსი რვაკუთხედის ცენტრს აკონტროლებდა. თუმცა მებრძოლები არ უმატებდნენ ტემპს, და დარტყმების სერიებს რიგრიგობით ატარებდნენ. პირველი რაუნდის ბოლოს ნურმაგომედოვმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და იდაყვით ბერკეტის გამოყენება სცადა, მაგრამ დრო არ ეყო.

შემდეგ ხუთწუთიან მონაკვეთში რუსმა ბედის გამოცდას თავი დაანება და ბრძოლას შეუდგა. მეორე რაუნდის შუა ნაწილში მან „სამკუთხედის“ ილეთით მეტოქე მოგუდა.

უკანასკნელი ბრძოლა

ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა განაცხადა, რომ ახლა სურს მეტი დროის გატარება დედასთან, და მას პირობა მისცა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან აღნიშნა, რომ მამის გარეშე პრომოუშენებში გამოსვლა მისთვის უინტერესო გახდა.

„მე ვარ უბრალო ბიჭი დაღესტნის მთიანი სოფლიდან. როდესაც 2012 წელს UFC-ში პირველი ბრძოლა მქონდა, ბევრს ჩემი არ სჯეროდა, გუშინ კი ჩემმა ძმამ მიამბო, რომ ჩემს პიროვნებას ყველაზე ხშირად განიხილავენ მსოფლიოში, თუმცა ეს არ მინდოდა. მე და მამაჩემი მივდიოდით ჩემპიონობისკენ, არც კი მიფიქრია, ამდენი რამ თუ მოხდებოდა“, - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარია მშობლები, და ადამიანი მათ გვერდით უნდა იყოს.

ხაბიბის მამა აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ივლისში კორონავირუსს ემსხვერპლა, მებრძოლმა მისი გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა.

საუკეთესო მიღწევა

32 წლის ნურმაგომედოვისთვის ეს 29-ე გამარჯვება და UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მესამე დაცვაა. შერეულ ორთაბრძოლებში მას არცერთი წაგება არ აქვს. 31 გეიჯი კარიერის განმავლობაში სამჯერ დამარცხდა.

გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ ის შეიძლება გახდეს პირველი UFC-ს Pound-for-pound რეიტინგში, რომელიც ყველა წონითი კატეგორიის საუკეთესო მებრძოლებს აერთიანებს. ამჟამად რუსი მებრძოლი მეორე ადგილზეა.

65
თემები:
სპორტის ამბები (866)
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020