ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ნაკრების მატჩებს პირველად უმასპინძლებს

64
(განახლებულია 20:42 12.10.2020)
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებს უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში ბათუმში მიიღებს.

თბილისი, 12 ოქტომბერი – sputnik. ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს უმასპინძლებს, ნათქვამია უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საუბარია უეფას ერთა ლიგის გათამაშების ორ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება 15 და 18 ნოემბერს.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და გეგმით 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა და სტადიონი ოფიციალურად 12 სექტემბერს გაიხსნა.

სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონში ასპარეზობს, ერთა ლიგას წაუგებლად აგრძელებს. ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ცხრა ჩატარებული შეხვედრიდან ექვსი მოიგეს, ხოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულეს.

64
თემები:
სპორტის ამბები (863)
ფეხბურთი. საქართველო–სომხეთის დაპირისპირება

საქართველოს ნაკრები „ფიფას“ რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

28
(განახლებულია 17:42 22.10.2020)
საქართველოს ეროვნული გუნდი პროგრესს განაგრძობს. „ფიფას“ რეიტინგში ლიდერობას კი ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს.

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. მონაცემები „ფიფას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლდა.

ოქტომბერში ჩატარებულ სანაკრებო შეხვედრებამდე საქართველო 89-ე პოზიციას იკავებდა. ბელარუსთან გამარჯვებამ, ასევე სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასრულებულმა ფრეებმა ვლადიმირ ვაისის გუნდს „ფიფას“ რეიტინგში 13 ქულა შემატა. განახლებულ რეიტინგში კი ჩვენი ქვეყნის ნაკრები 1287 ქულით 86-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ბელარუსს გადაასწრო, რომელიც 3 საფეხურით დაქვეიდა და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

განახლებული რეიტინგის სათავეში შესამჩნევად არაფერი შეცვლილა. ლიდერობას 1765 ქულით კვლავ ბელგიის ნაკრები ინარჩუნებს. მეორე და მესამე ადგილებს კი საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები იკავებენ.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნახევარფინალში ბელარუსი დაამარცხა და ერთა ლიგის გათამაშების ფინალში გავიდა, სადაც 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირირდება. ჩვენი მოწინააღმდეგე განახლებულ რეიტინგში 65-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება, გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

28
თემები:
სპორტის ამბები (863)
რაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება

გაირკვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბორჯღალოსნები შოტლანდიას დანაკლისით ხვდებიან

38
(განახლებულია 16:41 22.10.2020)
გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოვა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23-კაციან განაცხადში მოხვდა დებიუტანტი ლექსო ყაულაშვილი. გუნდში ასევე დაბრუნდა ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არ უთამაშია.

ბორჯღალოსნებს ტრავმების გამო დააკლდებათ რამდენიმე მორაგბე – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარგაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისსა და შემადგენლობაზე ბორჯღალოსანთა თავკაცმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მაისაშვილმა ნაკრების დებიუტანტ ლექსო ყაულაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლექსო კარგ ფორმაშია და გუნდის მზადების პროცესშიც კარგად ჩაერთო.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ტესტ-მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ>>

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს ევროპაში დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები, მათ შორის საქართველო-რუსეთის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

38
თემები:
სპორტის ამბები (863)
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა