ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დანაკლისით შეხვდება

72
(განახლებულია 12:04 11.10.2020)
ვლადიმერ ვაისი სომხეთთან მატჩში ცვლილებებს გეგმავს. მოედანზე ისეთ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას პოლონეთში, ნეიტრალურ მოედანზე გამართავს. მატჩი ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა სომხეთში მიმდინარე მოვლენების გამო უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება.

ქართველი ფეხბურთელები მასპინძელ ქვეყანაში გუშინ ჩაფრინდნენ, სადაც გუნდმა ერთი საათი ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ დღეს 25-კაციანი შემადგენლობით წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ ტრავმირებულ გიორგი ჩაკვეტაძეს ლაზარეთში გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე შეუერთდნენ. ისინი სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებენ.

სამწვრთნელო პროცესის დაწყებამდე ჩვენი ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა, ვლადიმერ ვაისმა, ჟურნალისტებთან მოახლოვებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრესკონფერენციაზე ვაისთან ერთად ჩვენი გუნდის შემტევები, გიორგი აბურჯანია და ლევან შენგელიაც იმყოფებოდნენ:

„ერთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება, ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია... სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული მატჩი იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ჰყავს ძალიან გამოცდილი მწვრთნელი. წარმატებებს ვუსურვებ მას, მაგრამ არა ხვალინდელ შეხვედრაში, რადგან ხვალ მეტოქეები ვიქნებით“ - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონში 2 შეხვედრა უკვე გამართა. ესტონეთის ნაკრებთან გამარჯვებისა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაჩვენები ფრის შედეგად ჩვენი ნაკრები ჯგუფში 1-2 ადგილს 4-4 ქულით იყოფს მაკედონიის ნაკრებთან ერთად.

საქართველოსა და სომხეთს შეხვედრის პარალელურად ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ესტონეთსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გაიმართება.

 

72
ფეხბურთი

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

28
(განახლებულია 18:32 19.10.2020)
კორონავირუსმა გათამაშების გრაფიკში კორექტივები შეიტანა – თბილისის „დინამოსთან“ დაგეგმილი მატჩი 4 ნოემბერს გადაიტანეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" მოთამაშეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან – კორონავირუსი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს დაუდასტურდა, იუწყება „მთავარი არხი“.

კლუბის პრეზიდენტის გიორგი ყიფიანის განცხადებით, „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი მწვრთნელის ინფიცირების შესახებ ცნობილი 14 ოქტომბერს გახდა. ამჟამად თვითიზოლაციაში არიან როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები და კლუბის მთელი პერსონალი.

ახალი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის მატჩი „ლოკომოტივსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 4 ნოემბერს გადაიტანა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 663 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნიჩბოსნობა

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

21
(განახლებულია 16:10 19.10.2020)
სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი საზოგადოება „რუსთაველებისა“ და ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობით ხორციელდება.

ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კლუბი საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.

„ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლონ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

21
თემები:
სპორტის ამბები
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება

0
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველდღიური ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ინფიცირებულთა ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბერიძის განცხადებით, საზოგადოება ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

„დღეიდან სტატისტიკის შესახებ განცხადებებს მთავრობა გააკეთებს. თემის აქტუალურობის შესაბამისად, ინფექციონისტები და კლინიკის ხელმძღვანელობა ბრიფინგებს პერიოდულად გამართავს", – განაცხადა ბერიძემ.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1186-ით გაიზარდა და 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში