ვლადიმირ ვაისი

„დასასრული დაძაბული იყო“ - ვაისმა ქართველების გამარჯვებაზე ისაუბრა

63
(განახლებულია 02:29 09.10.2020)
აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და უხეში შეცდომა არცერთს არ დაუშვია, განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა

თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის 1:0 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

„ჩვენ უნდა მოგვეგო ეს მატჩი და ჩვენ ის მოვიგეთ! ფეხბურთელები და ქომაგები ბედნიერები არიან, რადგან ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. შესანიშნავად დავიწყეთ შეხვედრა, სწრაფად გავიტანეთ და კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, ანგარიში რომ ყოფილიყო 2:0, მატჩის დასასრული ასეთი დაძაბული არ იქნებოდა“, - განაცხადა ვაისმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალშია! ბელარუსთან მატჩის საუკეთესო ფოტოები >>

სლოვაკმა სპეციალისტმა ცალკე გამოყო თავისი გუნდის დაცვის ხაზი. ვაისის თქმით, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და უხეში შეცდომა არცერთს არ დაუშვია.

ვაისმა განსაკუთრებით შეაქო შეხვედრის ორი მთავარი გმირი - თორნიკე ოქრიაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. სწორედ კვარაცხელიამ მისცა პასი ოქრიაშვილს, რომელმაც შემდეგ პენალტი დაიმსახურა.

„დღეს ოქრიაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ მას თამაში ძალიან მაღალი დონის კლუბში შეუძლია. რაც შეეხება ხვიჩას, მას შესანიშნავი ინდივიდუალური თვისებები აქვს. დღევანდელი გამარჯვებისთვის მან ბევრი რამ გააკეთა“, - აღნიშნა ვაისმა.

კარდინალურად საპირისპირო ემოციები ჰქონდა ბელარუსული გუნდის მწვრთნელს მიხაილ მარხელს.

„თამაში ისეთი იყო, როგორც გვეგონა – ეს ნერვების ბრძოლა იყო. საკმაოდ თანაბარი მატჩი გამოდგა. საკვანძო გამოდგა პენალტი, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა და საქართველომ მოიგო. კმაყოფილი არ ვიყავი იმ თამაშით, რაც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ და შეცვლები ამის გამო განვახორციელე. მეორე 45 წუთში გაცილებით უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ“, - განაცხადა მარხელმა მატჩის შემდეგ.

ტურნირის ფინალში, რომელიც ასევე თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. 

ფინალის გამარჯვებული მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

63
თემები:
სპორტის ამბები (872)
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

19
(განახლებულია 13:09 28.10.2020)
სპორტული არენის გახსნაში, რომელიც პანდემიის გამო ძალზე მოკრძალებულად აღინიშნა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და სპორტის ვეტერანები

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ძალზე მოკრძალებულად, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.

ახალი სპორტული არენის აშენება აჭარის მთავრობას 141 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).

სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად აშენდა, განათებისა და ბგერის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი. სტადიონი ცეკვა „ხორუმის“ მოტივებზეა აგებული. ფიგურები ფასადის გასწვრივ მოცეკვავეების მოძრაობებს გამოსახავს. სტადიონის ფასადი, მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერში განათდება.

სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის, სფფ–ის წარმომადგენლები და სპორტის ვეტერანები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში სტადიონის გახსნით ქართველი გულშემატკივრის ოცნება ახდა.

„ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერი, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ როგორც კი პანდემია დამთავრდება, ის აჭარაში აუცილებლად მოუყრის თავს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს.

„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კალაძემ.

უახლოეს პერიოდში სფფ–ს ბათუმის ახალ სტადიონზე ორი საერთაშორისო მატჩი აქვს დაგეგმილი და მან უკვე გააგზავნა განაცხადი უეფაში სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან მატჩებთან დაკავშირებით

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects–ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.

19
თემები:
სპორტის ამბები (872)
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი

განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა

26
(განახლებულია 18:34 27.10.2020)
ნოემბრის ბაშო, რომელზეც ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება, ტოკიოში 8-22 ნოემბერს გაიმართება.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ქართველი სუმოისტი ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იასპარეზებენ სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე.

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მხოლოდ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. მან წინა სუპერტურნირი მეოთხე მაეგაშირას წოდებით დაასრულა.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავ იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ არიან. ოძეკის წოდებით ტაკაკეიშო, ასანოიამა და შოდაი იასპარეზებენ.

მომდევნო ბაშო 8 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება. ტურნირს კოკუგიკანი უმასპინძლებს. ლევანის პირველი მეტოქის ვინაობას ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე გავიგებთ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ქართველი სუმოისტის რეგრესი. თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ მე-5 დივიზიონში დაქვეითდა და 46-ე ნომერი იქნება.

ნოემბრის ბაშოს, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, 5000 მაყურებელი დაესწრება. კორონავირუსის პანდემიის გამო წინა ბაშოს ბევრად ნაკლები მაყურებელი ესწრებოდა.

26
თემები:
სპორტის ამბები (872)
საპროტესტო აქცია სვანეთში

მესტიის მუნიცეპალიტეტში არჩევნების ჩაშლის საფრთხე გაჩნდა?

0
(განახლებულია 15:21 28.10.2020)
მესტიაში, ერთი თვის წინ მარნეულში დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დააკავებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ დილიდან მესტიაში, სადაც ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა ასამდე ადამიანმა გადაკეტა, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საპროტესტო აქცის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაკავებულები სასამართლომ არ გაათავისუფლა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ოლქებში არჩევნები არ ჩატარდეს.

თემურ შუბითიძესთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს შორისაა მსოფლიო ჩენპიონი კრივში ლაშა გურგულიანი.

Акция протеста в Сванети. Протестующие перекрыли дорогу и требуют освободить задержанных
© Sputnik / STRINGER
საპროტესტო აქცია სვანეთში

„ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი 30 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული თემურ შუბითიძე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნიკა ლატარია

0