საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშზე

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსთან შეხვედრის წინ პირველი ვარჯიში გამართა

69
(განახლებულია 19:13 06.10.2020)
ბელარუსის წინააღმდეგ ნახევარფინალის გარდა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ პირველი ვარჯიში ჩაატარა. მატჩი 8 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

ვარჯიშში, რომელიც „ზესტაფონის“ სპორტულ ბაზაზე გაიმართა, ნაკრების 20 მოთამაშე მონაწილეობდა. ნაკრების კიდევ ცხრა ფეხბურთელი გუნდს დღეს, მოგვიანებით შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი შეიყვანა. ბელარუსის წინააღმდეგ ნახევარფინალის გარდა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უახლოეს დღეებში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს – 11 ოქტომბერს გასვლით თამაშს სომხეთის ნაკრებთან და სამი დღის შემდეგ ასევე გასვლით მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

69
თემები:
სპორტის ამბები (861)
წყალბურთი

ცნობილი გახდა თბილისის „დინამოს“ წყალბურთელების მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაში

25
(განახლებულია 22:28 20.10.2020)
პირველ თამაშში „დინამო“ დაუპირისპირდება საკვალიფიკაციო რაუნდიდან გასულ გუნდს, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით დღეს – „იადრანს“.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელებმა ახალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში თავისი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

რომში გამართული კენჭისყრის შედეგებით, ქართული გუნდი მოხვდა В ჯგუფში, სადაც ასევე არიან გუნდები: „იადრანი“ (მონტენეგრო), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი) და „ფერენცვაროში“ (უნგრეთი). კიდევ ერთი კლუბი საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგად გაირკვევა.

მომდევნო ეტაპზე, რვა გუნდის ფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონეტა“ და „ფერენცვაროში“ ჯგუფის მკვეთრად გამოხატული ფავორიტები არიან, ხოლო „ვასპო ჰანოვერმა“ ფინალში ადგილი უკვე მოიპოვა, რადგან ტურნირის ეს ნაწილი სწორედ ჰანოვერში გაიმართება.

В ჯგუფის პირველი მატჩები 15-18 დეკემბერს ბუდაპეშტში ჩატარდება. სასტარტო თამაშში „დინამო“ კვალიფიკაციიდან გასულ გუნდს შეხვდება, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით თამაშში – „იადრანს“.

ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებისას თბილისის „დინამოელებმა“ გამართეს 10 მატჩი, რა დროსაც ცხრა შეხვედრა წააგეს და მხოლოდ შინ საფრანგეთის „მარსელს“ მოუგეს (15:12).

25
თემები:
სპორტის ამბები (861)
რაგბი. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება

რაგბი: საქართველო–რუსეთის შეხვედრა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო

23
(განახლებულია 18:41 20.10.2020)
„რაგბი ევროპა“ მატჩების ჩატარების თარიღს სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას „რაგბი ევროპა“ (RUGBY EUROPE) ავრცელებს.

გადადებულ მატჩებს შორისაა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაც, რომელიც მიმდინარე წლის 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

„რაგბი ევროპის“ ცნობით, მატჩების ჩატარების თარიღს ორგანიზაცია პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

„რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი იძულებული არიან უახლოეს მომავალში გასამართი ნაკრებების შეხვედრები გადადონ.

„უნდა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობას. სანამ სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ოქტავიან მორარიუმ.

ქართველ მორაგბეებს 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი რუსეთთან უნდა გაემართათ.

თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლევან მაისაშვილის გუნდი „დათვებს“ 2020 წლის 14 მარტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო მატჩი 1 ნოემბრამდე გადაიდო. 

სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა – ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიის განმავლობაში.

საქართველოს რაგბის ნაკრებს 2020 წლის 7 მარტის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენი ნაკრები აბსოლუტური შედეგით (4-დან 4 გამარჯვება) პირველ ადგილს იკავებს.

23
თემები:
სპორტის ამბები (861)
ფრანგ მოსწავლეებთან ერთად

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ფრანგებს ქართულად ამღერებს და კარნავალის „ოქროს ნიღაბი“

0
(განახლებულია 20:24 21.10.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საფრანგეთში მცხოვრებ შემოქმედსა და საოცრად საინტერესო პიროვნებას გიული ერგემლიძეს გაგაცნობთ.

25 წელია, რაც საფრაგეთში, კერძოდ, ნორმანდიაშია და ძირითადი საქმიანობის გარდა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასაც ეწევა.

გარდა იმისა, რომ ქალბატონი გიული ფრანგ ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, ადგილობრივ ღონისძიებებსა და სხვადასხვა კონცერტებზეც ხშირად გამოდის, მღერის ფრანგულ გუნდში "ბორბოლეტა", თამაშობს მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში, ერთ-ერთ ფრანგულ კარნავალზე მის მიერ შეკერილმა ქართულმა სამოსმა გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს სიხარულს ანიჭებს - მათ ლექსებს სიმღერებად აქცევს და დღემდე სიმღერა 66-ზე მეტ ლექსზე დაწერა.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- ქალბატონო გიული, დღეს საფრანგეთში იმ მცირე ქართველ ემიგრანტთა შორის ხართ, ვინც ფრანგი პუბლიკის წინაშე ქართულად მღერის, იფიქრებდით ამაზე საქართველოში?

- ალბათ ვერც ვიოცნებებდი... ისე, რაც თავი მახსოვს, დედა კარგად მღეროდა, მშობლები ადრე დაოჯახდნენ. დედამ ოჯახზე მზრუნველობა არჩია, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ შეელია და სახლში სულ სიმღერ-სიმღერით აკეთებდა ყველაფერს. ბავშვობიდან ყურში ჩამესმოდა მისი ნამღერი ლამაზი მელოდიები. ამბობენ, რომ გაუჩერებლად, როგორც პატარა ბავშვს შეეფერება ჩემებურად „ვყვებოდი“ მას და "ვჭყლოპინობდი”. მერე ბაღიდან მოყოლებული სკოლაშიც გაუჩერებლად ვმღეროდი. დღემდე მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რადგან  მეუბნებოდნენ, რომ ნიჭიერი ხარო. მე ვიცოდი, რომ მარტო ნიჭით ვერაფერს მიაღწევ თუ არ იშრომებ კიდეც. ამიტომ ვაღიარებ, რომ სიზარმაცის გამო ვერ მივაღწიე იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. სხვათა შორის, იყო დრო, მინდოდა კარგი ქირურგი გამოვსულიყავი და ხალხი გადამერჩინა, მაგრამ საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა სძლია და მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ვიოლინოს განხრით. ასე გავხდი მუსიკის მასწავლებელი. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ მოსწავლეს გავუღვივე მუსიკისდამი სიყვარული, რის გამოც ბავშვებიც და მშობლებიც მემადლიერებოდნენ.

გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე

- ამის მერე დაიწყო თქვენი ცხოვრების ფრანგული პერიოდი, მასაც მუსიკა „გასდევს ფონად“?

- დიახ, ასეა და ეს პერიოდი უკვე 25 წელია გრძელდება. აქ ვცხოვრობ ნორმანდიის მიწაზე, ჩვენ ქალაქს ფრანგულად ჰქვია ქონ (Caen). ქართველები მას კაენს ვეძახით. თავიდანვე ძალიან დამეხმარა დედა, რომლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ადრე მოხუცებულთა სახლებში ვატარებდი კონცერტებს მასთან ერთად და  უმწეო ხალხს სიხარულს ვჩუქნიდი. ჩემმა შვილებმა აქ ჩამოსვლისთანავე მირჩიეს, რომ ფრანგული ენა სასწრაფოდ მესწავლა. როცა ენის სასწავლებლად მოვხვდი სკოლაში, პირველივე გაკვეთილზე მომაქცია ყურადღება ფრანგულის მასწავლებელმა, მარტინ ბონფუამ (Martine Bonfoiy) რომელმაც დიდი დახმარება გამიწია. გამიმართლა იმაშიც, რომ საფრანგეთის ამ ლამაზ ქალაქში კეთილი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.

უცხოელ მოსწავლეებთან ერთად
უცხოელ მოსწავლეებთან ერთად

- როგორია თქვენი თვალით დანახული ფრანგული ცხოვრების შუქ-ჩრდილები?

-  საფრანგეთი ძალიან ჰუმანური ქვეყანაა თავისი უდიდესი  კულტურითა და ტრადიციებით, ისინი ყველას მოწიწებით და პატივისცემით ექცევიან. თუმცა არის მედლის მეორე მხარეც: აქ დიდი ბიუროკრატიაა და ყოველდღიურ საქმეებზე სირბილი ხშირად გიწევს. ხშირად ვეხმარები ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც ენა არ იციან, დავყვები მათ, ვინც ოპერაციისთვის არის ჩამოსული და ექიმებთან თარჯიმნობას ვუწევ. სხვა მხრივ კი, აწყობილია ყველაფერი, გულსატკენია, რომ აქ ცხოვრების პირობები უკეთესია, ვიდრე ჩემს ქვეყანაში, მაგრამ თვალი და გული მაინც გაგირბის იქით, შენი რომ ჰქვია. აქ მაინც სტუმარი ხარ და ადრე თუ გვიან სახლში უნდა წახვიდე. ასე გადის დრო, მაგრამ თუ სიყვარულით ცხოვრობ, ლამაზად და ხალისით გაგყავს დღეები ეს გეხმარება, რომ მონატრებას გაუძლო.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

-როგორც ვიცი, თქვენ ამას ახერხებთ იდეც და ბევრი ქართველი ემიგრანტი გაახარეთ მათი ლექსების ამღერებით...

- ფრანგები საოცარი ხალხია, უზომოდ კულტურული, თბილი და უშუალო ხალხია, თუკი რამე მონდომება შეგამჩნიეს გამხნევებენ და გახალისებენ. სწორედ მათი წახალისებით მოხდა ის, რომ შევძელი ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საფრანგეთში მყოფი ნიჭიერი ქართველი ქალბატონების წარმოჩენის საქმეში. დღემდე უკვე 66-ზე მეტ ლექსზე დაიწერა სიმღერა, ეს ზღვაში წვეთიც არ არის, რასაც ეს  ნიჭიერი ქალბატონები აკეთებენ, თან არ დაგავიწყდეთ, საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად რამდენს შრომობენ. ბოლოს იტალიაში მცხოვრები არაჩველებრივი პოეტის ქალის, ფატი ბოკელავაძის ლექსი ავამღერე. ადრე თელაველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის ლექსზე დავწერე სიმღერა, ასევე მარი იმერის ლექსზეც, ისე, რომ არც ვიცნობდი ვინ იყო. ჩემი დაწერილი სიმღერებით ბავშვობის მეგობარი და ნიჭიერი მომღერალი, თამარ ბოჭორიშვილი ხშირად გამოდის პუბლიკის წინაშე. პოეტი ბელა ალასანია სწორედ მან გამაცნო.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- თავად თუ გიწევთ ფრანგული პუბლიკის წინაშე გამოსვლა?

- ჩემი ფრანგულის ენის მასწავლებელთან ერთად ქალაქის მუსიკალურ პროგრამაში ხშირად ვიყავი ჩასმული. კონცერტებსა და ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ადგილობრივი მოყვარულთა ორკესტრის პირველი ვიოლინოც ვიყავი. ასევე მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი. ქალაქი Caen რაიონებადაა დაყოფილი და ჩემს რაიონს ქვია Chemin-Verz, სადაც კულტურის ცენტრია. ამ  ცენტრში იყო მოყვარულთა თეატრი, სადაც პატარ- პატარა სპექტაკლებს დგამდნენ. ჩვენი რეჟისორი, მადმუაზელ ვალერი (Balerie) ყოველთვის კმაყოფილებას გამოსთქვამდა ჩემს მიერ შესრულებული როლებით. ეს სპექტაკლები ტარდებოდა ჩვენი რაიონის თეატრში. განსაკუთრებული მონდომებით შობის დღესასწაულისთვის გვამზადებდნენ. დრო და დრო პარიზიდან ჩამოდიოდა მსახიობთა მცირე დასები, რომლებიც სპექტაკლებს ატარებდნენ. ამ დროს რეჟისორი გვიატრებდა გამოცდას, ვინც უკეთ შეასრულებდა თავის ეპიზოდურ როლს, მას მიეცეოდა საშუალება, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა. შემდეგ მათთან ერთად რეპეტიციებს გავდიოდით. ასევე ვმღერი ჩემს ქალაქში არსებულ ფრანგულ გუნდში, სახელად "ბორბოლეტა“. ვუკრავდი სიმებიან ორკესტრშიც.

- ფრანგული ცხოვრებიდან რომელი წარმატების ამბავს გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ კარნავალზე, რომელი 2004 წელს ჩატარდა, მეც გამოვედი. უფრო სწორედ, მაშინ ცხოვრებაში პირველად ქართული ტრადიციული კაბა შევკერე. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე და „ოქროს ნიღაბი“ გადმომეცა. სასიხარულო იყო, რომ კარნავალზე წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმელიდან სწორედ ჩემს მიერ შეკერილმა ქართულმა ეროვნულმა კაბამ გაიმარჯვა.

-რომელ ქართულ სიმღერებს მღერით ფრანგებისთვის?

-აქ, კაენში არსებობდა მუსიკალური საზოგადოება "Les Iren". იმ პერიოდში მის პრეზიდენტად ქართველი მხატვარი, ირინა ჯიბლაძე დანიშნეს. იქ ყოველწლიური პროგრამა მზადდებოდა, რომელშიც სხვადასხვა კონცერტები იყო შეტანილი. ასეთ ღონისძებებში შვიდი წლის განმავლობაში ჩემს მასწავლებრლთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. ხშირად გამოვდიოდი ქართული სიმღერით „ციცინათელა“. ასეც მომხდარა, რომ სამი სიმღერის მაგივრად, რასაც პროგრამა ითვალისწინებდა, თორმეტი სიმღერაც კი მიმღერია. დარბაზს ძალიან მოსწონდა ქართული მელოდიები. როცა სიმღერას დავასრულებდი, ფრანგულად იძახდნენ: "ონკოღ!"- ანუ ბისს, ისევ იმღერეო, მთხოვდნენ.

- გავიგე, რომ მხატვრული კითხვის კონკურსებშიც ხშირად იღებდით მონაწილეობას, რომელი ავტორის ნაწარმოებს კითხულობდით?

- როგორც გითხარით, რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. მოგვიანებით  ვწერდი ლექსებს და მათ მელოდიების ფონზე ვკითხულობდი, მაგრამ  მხოლოდ ჩემთვის ვხალისობდი. ასევე გაგრძელდა საფრანგეთშიც, სადაც რაიმე გამოსვლის წინ ჩემს ლექსებს ვთარგმნიდი ფრანგულად და ჩემივე მელოდიით თანხლებით ვკითხულობდი, ყველას მოსწონდა.

- ფრანგ ბავშვებს ქართულად სიმღერას ასწავლით?

- 18 წელია, რაც ვამეცადინებ ფრანგ და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვს დაუკრას და იმღეროს. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ამ პატარებმა ქართული არც იციან. ფრანგ ბავშვებს პირველად ვასწავლი ადვილად დასამახსოვრებელ ქართულ სიმღერებს, შემდეგ კი „ჩემო ციცინათელას", ‘სულიკოს“, „სანთელივით დავდნების“, გოგი ცაბაძის „თბილისოს“ და სხვა...  სამყაროში ბევრია ასეთი ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლია და მათგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ მე ვსუნთქავ სიყვარულით. ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვაკეთებ და ამ კუთხით გული მშვიდად მქვს.

- თუ გწყდებათ გული რამეზე?

- სამწუხაროდ ვერ შევძელი ისეთი ცნობილი პიროვნება გამხდარიყავი, რომ ჩემით ეამაყათ მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს, მაგრამ იმას მაინც ვახერხებ, რომ აქ, უცხო ქვეყანას ქართულ სიმღერებს და ნიჭიერ ქართველებს ვაცნობ - ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ქართველები ყველგან ვართ და ღმერთმა გვამრავლოს. სადაც ვიკრიბებით, ყველაგან პატარა საქართველოა...

0