ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნებზე

გულშემატკივარი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას შეძლებს

46
(განახლებულია 15:18 02.10.2020)
საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრებას დაახლოებით 18 ათასი ადამიანი შეძლებს, რამდენადაც „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალზე დასწრებას დაახლოებით 18 ათასი გულშემატკივარი შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნება. მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

საქართველო–ბელარუსის მატჩთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება უეფამ ორგანიზაციის აღამსრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

აღმასრულებელმა კომიტეტმა, მიიღო რა მხედველობაში უეფას სუპერთასზე გამართული მატჩი ბუდაპეშტში მიუნხენის „ბაიერნსა“ და „სევილიას“ შორის, გადაწყვიტა, რომ შესაძლებელია ტრიბუნებზე გულშემატკივრების ნაწილის დაბრუნება უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე იმ ქვეყნებში, სადაც ამის ნებართვას ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს.

ეს გადაწყვეტილება შემდეგი კვირიდან ამოქმედდება, როდესაც ჩატარდება მატჩები ეროვნული გუნდების მონაწილეობით.

მატჩზე დასწრებას, სტადიონის საერთო ტევადობიდან გამომდინარე, 30 პროცენტამდე გულშემატკივარი შეძლებს. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრება დაახლოებით 18 ათას ადამიანს შეუძლია.

ამასთან, სტუმარი გუნდების გულშემატკივარი ვერ შეძლებს მატჩზე დასწრებას, სანამ შემდგომი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

„მიღებული გადაწყვეტილება გონივრული პირველი ნაბიჯია, რომელიც პრიორიტეტად გულშემატკივრის ჯანმრთელობას აყენებს და პატივს სცემს თითოეული ქვეყნის კანონებს. ჩვენ ერთად დავუდგებით წინ მტერს სახელად COVID, მაგრამ ამ ბრძოლის მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი მიდგომაა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებებს, ტრიბუნებზე გულშემატკივრის დაშვების შემთხვევაში, მეტ სივრცეს მისცემს მანევრირებისთვის. ამასთან, ჩვენ მუდამ დიდ პატივს ვცემთ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის შეფასებას“, – ასეთი კომენტარი გააკეთა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის 27 ქვეყანაში სტადიონებზე მაყურებელს თუნდაც ნაწილობრივ უკვე უშვებენ, მათ შორის საქართველოშიც.

უეფას ერთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები. ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

46
თემები:
სპორტის ამბები (861)
წყალბურთი

ცნობილი გახდა თბილისის „დინამოს“ წყალბურთელების მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაში

29
(განახლებულია 22:28 20.10.2020)
პირველ თამაშში „დინამო“ დაუპირისპირდება საკვალიფიკაციო რაუნდიდან გასულ გუნდს, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით დღეს – „იადრანს“.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელებმა ახალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში თავისი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

რომში გამართული კენჭისყრის შედეგებით, ქართული გუნდი მოხვდა В ჯგუფში, სადაც ასევე არიან გუნდები: „იადრანი“ (მონტენეგრო), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი) და „ფერენცვაროში“ (უნგრეთი). კიდევ ერთი კლუბი საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგად გაირკვევა.

მომდევნო ეტაპზე, რვა გუნდის ფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონეტა“ და „ფერენცვაროში“ ჯგუფის მკვეთრად გამოხატული ფავორიტები არიან, ხოლო „ვასპო ჰანოვერმა“ ფინალში ადგილი უკვე მოიპოვა, რადგან ტურნირის ეს ნაწილი სწორედ ჰანოვერში გაიმართება.

В ჯგუფის პირველი მატჩები 15-18 დეკემბერს ბუდაპეშტში ჩატარდება. სასტარტო თამაშში „დინამო“ კვალიფიკაციიდან გასულ გუნდს შეხვდება, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით თამაშში – „იადრანს“.

ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებისას თბილისის „დინამოელებმა“ გამართეს 10 მატჩი, რა დროსაც ცხრა შეხვედრა წააგეს და მხოლოდ შინ საფრანგეთის „მარსელს“ მოუგეს (15:12).

29
თემები:
სპორტის ამბები (861)
რაგბი. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება

რაგბი: საქართველო–რუსეთის შეხვედრა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო

27
(განახლებულია 18:41 20.10.2020)
„რაგბი ევროპა“ მატჩების ჩატარების თარიღს სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას „რაგბი ევროპა“ (RUGBY EUROPE) ავრცელებს.

გადადებულ მატჩებს შორისაა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაც, რომელიც მიმდინარე წლის 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

„რაგბი ევროპის“ ცნობით, მატჩების ჩატარების თარიღს ორგანიზაცია პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

„რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი იძულებული არიან უახლოეს მომავალში გასამართი ნაკრებების შეხვედრები გადადონ.

„უნდა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობას. სანამ სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ოქტავიან მორარიუმ.

ქართველ მორაგბეებს 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი რუსეთთან უნდა გაემართათ.

თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლევან მაისაშვილის გუნდი „დათვებს“ 2020 წლის 14 მარტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო მატჩი 1 ნოემბრამდე გადაიდო. 

სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა – ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიის განმავლობაში.

საქართველოს რაგბის ნაკრებს 2020 წლის 7 მარტის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენი ნაკრები აბსოლუტური შედეგით (4-დან 4 გამარჯვება) პირველ ადგილს იკავებს.

27
თემები:
სპორტის ამბები (861)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში

0
(განახლებულია 12:37 22.10.2020)
მთელი საქართველო შოკირებულია ზუგდიდში მძევლების აყვანის ფაქტით. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ დამნაშავემ მიმალვა მოახერხა, თან ნახევარი მილიონი დოლარიც გაიყოლა.

 

21 ოქტომბერს უცნობმა პირმა ზუგდიდში დაახლოებით 40 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი დამნაშავე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარითა და ავტომატით შეიჭრა, მოითხოვა 500 ათასი დოლარი, მანქანა ან ვერტმფრენი, ასევე უსაფრთხოების გარანტია. მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და ერთი პოლიციელის თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი იძებნება.

საქართველოში მძევლების აყვანის ყველაზე სისხლიან და გახმაურებულ საქმედ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცება ითვლება. ამ მოვლენაზე არაერთი წიგნი და ფილმი შეიქმნა. 1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ-ში გაქცევის მიზნით ახალგაზრდებმა მძევლად აიყვანეს Ту-134 თვითმფრინავის მგზავრები. სპეცდანიშნულების რაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. დაიღუპა შვიდი ადამიანი - ორი მფრინავი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. 

Спецоперация по освобождению заложников в филиале Банка Грузии в Зугдиди
© AP Photo / Zurab Tsertsvadze
„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების სპეცოპერაცია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მძევლების აყვანის სხვა გახმაურებული ფაქტებიც მოიძებნება. „Sputnik-საქართველო“ მათ ქრონოლოგიას გთავაზობთ.

1998 წლის 19 თებერვალი. საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი - შვედეთის, ურუგვაის, ჩეხეთის მოქალაქეები - გაიტაცეს.

22 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ურუგვაელი გაათავისუფლეს. დანარჩენი მძევლები 25 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებთან პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის შემდეგ გამოუშვეს. პოლიციამ რვა გამტაცებელი დააკავა.

1999 წლის 9 ივლისი. კოდორის ხეობაში ვერტმფრენი გაიტაცეს და მასში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები და ჟურნალისტები მძევლებად აიყვანეს. ვერტმფრენში იმყოფებოდა ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც გატაცებიდან მალევე გაათავისუფლეს, ყველა დანარჩენი კი ერთი დღის განმავლობაში გამოუშვეს. გამტაცებლებს ყურადღება არ მიუქცევიათ ტომრებისთვის, რომლებიც ვერტმფრენში ეყარა. ტომრებში ელაგა ფული - რეგიონის დაწესებულებათა თანამშრომლების ნახევარი წლის ხელფასები.

1999 წლის ოქტომბერი. უცნობმა პირებმა გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს გაეროს მისიის წევრები - ჩეხეთის, საბერძნეთის, ურუგვაის, შვეიცარიის, შვედეთის მოქალაქეები. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის 1 ივნისი. კოდორის ხეობის პატრულირებისას მძევლად აიყვანეს გაეროს მისიის საპატრულო ჯგუფი. მძევალთა შორის იყვნენ გაეროს მისიის თანამშრომლები - დანიის მოქალაქეები კაი ლაურსენი და ტომას როზენკვისტი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ჯონ ვუდვორდი და მთარგმნელი - აფხაზეთის მკვიდრი. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2000 წლის ნოემბერი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ესპანელი ბიზნესმენები ფრანცისკო როდრიგესი და ანტონიო ტრიმილიო. ისინი თითქმის ერთი წელიწადი ჰყავდათ ტყვეობაში პანკისის ხეობის ერთ-ერთ სოფელში და 550 ათასი დოლარის გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

2001 წლის დეკემბერი. კოდორის ხეობაში გაიტაცეს საბერძნეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. მძევლები გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 მარტი. კოდორის ხეობაში მძევლად აიყვანეს რუსი სამხედროების ჯგუფი - კაპიტანი სტაროვაროვი, ლეიტენანტები ბელოვი და სტაროვოიტოვი, ასევე რიგითი პოდშივალოვი. ჯგუფი დავალების შესრულებისას ჩასაფრებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა, გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2002 წლის 18 ივნისი. პანკისის ხეობაში გაიტაცეს ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ. მან მძევლად ხუთი თვე დაჰყო. მის გასათავისუფლებლად ქართული სპეცსამსახურების ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა გაიმართა. დაიღუპა ერთი გამტაცებელი.

2003 წლის ივნისი. კოდორის ხეობაში გერმანიის ორი მოქალაქე და დანიის ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მძევლები გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

2012 წლის 7 აგვისტო. პანკისის ხეობის ქართულ ტერიტორიაზე დაღესტნის ტერიტორიიდან შემოაღწია კარგად შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფმა. ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს ადგილობრივ მცხოვრებთა სამი ჯგუფი, დაახლოებით ათი ადამიანი. მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის სამი თანამშრომელი და დაიჭრა ხუთი, ამასთან, 11 სავარაუდო ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული. 

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა