შოთა არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

62
(განახლებულია 21:46 24.09.2020)
კლუბის მწვრთნელი მატჩს ვერ დაესწრო, რადგან ქართველ სპეციალისტს მატჩის წინა დღეს კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორი“, რომლის მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძეა, პირველად 10 წლის მანძილზე აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „ფახთაქორმა“ გასვლაზე მოუგო ირანის „პადიდე ჰორასანს“ 1:0 და 11 ქულით კვარტეტში პირველი ადგილი დაიკავა.

თავად არველაძე მატჩს ვერ დაესწრო, რადგან ქართველ სპეციალისტს მატჩის წინა დღეს კორონავირუსი დაუდგინეს და მომდევნო ორ კვირას ის კარანტინში გაატარებს.

გამარჯვების შემდეგ „ფახთაქორის“ მოთამაშეებმა მხარი დაუჭირეს თავის მთავარ მწვრთნელს და გადაიღეს საერთო ფოტო, რომელზეც ეჭირათ მაისური, რომელსაც არველაძის გვარი ეწერა.

მერვედფინალურ მატჩში, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება, გუნდი ირანის „ესტეგლალს“ შეხვდება.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ტაშკენტის კლუბმა 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა, 2018 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა და გასულ წელს უზბეკეთის ჩემპიონიც გახდა.

62
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1175)
წყალბურთი

ცნობილი გახდა თბილისის „დინამოს“ წყალბურთელების მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაში

25
(განახლებულია 22:28 20.10.2020)
პირველ თამაშში „დინამო“ დაუპირისპირდება საკვალიფიკაციო რაუნდიდან გასულ გუნდს, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით დღეს – „იადრანს“.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელებმა ახალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაში თავისი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

რომში გამართული კენჭისყრის შედეგებით, ქართული გუნდი მოხვდა В ჯგუფში, სადაც ასევე არიან გუნდები: „იადრანი“ (მონტენეგრო), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი) და „ფერენცვაროში“ (უნგრეთი). კიდევ ერთი კლუბი საკვალიფიკაციო რაუნდის შედეგად გაირკვევა.

მომდევნო ეტაპზე, რვა გუნდის ფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონეტა“ და „ფერენცვაროში“ ჯგუფის მკვეთრად გამოხატული ფავორიტები არიან, ხოლო „ვასპო ჰანოვერმა“ ფინალში ადგილი უკვე მოიპოვა, რადგან ტურნირის ეს ნაწილი სწორედ ჰანოვერში გაიმართება.

В ჯგუფის პირველი მატჩები 15-18 დეკემბერს ბუდაპეშტში ჩატარდება. სასტარტო თამაშში „დინამო“ კვალიფიკაციიდან გასულ გუნდს შეხვდება, შემდეგ „ბარსელონეტას“, ხოლო დასკვნით თამაშში – „იადრანს“.

ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებისას თბილისის „დინამოელებმა“ გამართეს 10 მატჩი, რა დროსაც ცხრა შეხვედრა წააგეს და მხოლოდ შინ საფრანგეთის „მარსელს“ მოუგეს (15:12).

25
თემები:
სპორტის ამბები
რაგბი. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება

რაგბი: საქართველო–რუსეთის შეხვედრა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო

23
(განახლებულია 18:41 20.10.2020)
„რაგბი ევროპა“ მატჩების ჩატარების თარიღს სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას „რაგბი ევროპა“ (RUGBY EUROPE) ავრცელებს.

გადადებულ მატჩებს შორისაა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაც, რომელიც მიმდინარე წლის 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

„რაგბი ევროპის“ ცნობით, მატჩების ჩატარების თარიღს ორგანიზაცია პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დანიშნავს.

„რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი იძულებული არიან უახლოეს მომავალში გასამართი ნაკრებების შეხვედრები გადადონ.

„უნდა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობას. სანამ სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ოქტავიან მორარიუმ.

ქართველ მორაგბეებს 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი რუსეთთან უნდა გაემართათ.

თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლევან მაისაშვილის გუნდი „დათვებს“ 2020 წლის 14 მარტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო მატჩი 1 ნოემბრამდე გადაიდო. 

სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა – ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიის განმავლობაში.

საქართველოს რაგბის ნაკრებს 2020 წლის 7 მარტის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენი ნაკრები აბსოლუტური შედეგით (4-დან 4 გამარჯვება) პირველ ადგილს იკავებს.

23
თემები:
სპორტის ამბები
ირაკლი კობახიძე

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

კობახიძის განცხადებით,  გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს და სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში