ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე მეშვიდე მარცხი განიცადა

45
(განახლებულია 20:48 24.09.2020)
იმისათვის, რომ დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას წოდება შეინარჩინოს, ტოჩინოშინმა ტურნირის დარჩენილი ყველა ბრძოლა უნდა მოიგოს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის აკი ბაშოზე, რომელსაც ამ დღეებში ტოკიო მასპინძლობს, მეშვიდე მარცხი განიცადა. 

ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმისთან ორთაბრძოლაში დამარცხდა – მან ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი მიმდინარე ტურნირზე კვლავ უარყოფითია – ხუთი მოგება და შვიდი წაგება. მას დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ყველა ბრძოლის მოგება სჭირდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ქართველი სუმოისტი დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას წოდებას დაკარგავს. 

ქართველი სპორტსმენის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იქნება. სუმოისტები ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა ჯერზე გამარჯვება გორგაძემ იზეიმა.

45
თემები:
სპორტის ამბები (859)
ფეხბურთი

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

26
(განახლებულია 18:32 19.10.2020)
კორონავირუსმა გათამაშების გრაფიკში კორექტივები შეიტანა – თბილისის „დინამოსთან“ დაგეგმილი მატჩი 4 ნოემბერს გადაიტანეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" მოთამაშეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან – კორონავირუსი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს დაუდასტურდა, იუწყება „მთავარი არხი“.

კლუბის პრეზიდენტის გიორგი ყიფიანის განცხადებით, „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი მწვრთნელის ინფიცირების შესახებ ცნობილი 14 ოქტომბერს გახდა. ამჟამად თვითიზოლაციაში არიან როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები და კლუბის მთელი პერსონალი.

ახალი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის მატჩი „ლოკომოტივსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 4 ნოემბერს გადაიტანა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 663 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

26
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნიჩბოსნობა

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

21
(განახლებულია 16:10 19.10.2020)
სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი საზოგადოება „რუსთაველებისა“ და ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობით ხორციელდება.

ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კლუბი საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.

„ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლონ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

21
თემები:
სპორტის ამბები (859)
სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარიზში

მოკლული მასწავლებლის საქმე: საფრანგეთში მეჩეთი იკეტება

0
(განახლებულია 09:54 20.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მასწავლებლის მკვლელი მოსკოვში დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელიც პოლიციამ მოკლა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook–გვერდზეც მანამდე განთავსებული იყო ისლამისტის მამაკაცის მიერ მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.

„მე ვთხოვე სენ–დენის პრეფექტს, დაკეტოს მეჩეთი პანტენში... დღეს ეს მეჩეთი დაიკეტება, დღეს საღამოსპრეფექტი ხელს მოაწერს აკრძალვას“, — განაცხადა დარმანენმა ტელეარხ TF1–ის ეთერში.

მინისტრის განმარტებით, მეჩეთის მმართველმა მანამდე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სკოლის მოსწავლის ერთ–ერთი მშობელი მოუწოდებდა ხალხს, დაეშინებინათ ისტორიის პედაგოგი სამუელ პატი.

გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მეჩეთის იმამიც. სულ მკვლელობის გამოძიების პროცესში ამ დროისათვის 15 ადამიანია დაკავებული.

შეგახსნებეთ: 16 ოქტომბერს, სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან–სენტ–ონორინში, სკოლის მახლობლად. როგორც ირკვევა, სამუელ პატიმ მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს