გიორგი ჭიაბრიშვილი

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა

112
(განახლებულია 15:41 18.09.2020)
ახლა „რკინიგზელების“ მთავარი მიზანი ევროტურნირებიდან ნებისმიერის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის „დინამოს“ დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები მეტოქის კარში გაიტანეს ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა, ხოლო მოსკოველებიდან თავი ნიკოლაი კომლიჩენკომ გამოიჩინა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

„ჯერ ვერც გავერკვიე ამ ემოციებში, რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში... ახლა, ნელ-ნელა რომ ვფიქრობ, სიამაყის გრძნობა მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხის გახარება მოვახერხეთ. დიახ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა!“ – განაცხადა ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ქართველმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა კლუბის მთავარი მიზანი ევროტურნირებიდან ნებისმიერის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2
© Sputnik / Alexander Imedashvili
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

„გრანადას” უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ რა უნდა იყოს ცხოვრებაში იმაზე დიდი გამოწვევა, რომ ორ ეტაპს ასე გაივლი და ასეთ გუნდთან სათამაშოდ მივდივართ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა მომავალ მატჩთან დაკავშირებით.

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2. Второй тайм. Счет 2:1 в пользу тбилисского Локомотива
© Sputnik / Alexander Imedashvili
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

ჭიაბრიშვილმა მადლობა გადაუხადა „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას მისთვის გამოჩენილი ნდობისთვის. 41 წლის სპეციალისტი გუნდს ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში – მიმდინარე წლის ივლისში.

„მადლობას ვუხდი ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მაქვს. გულწრფელად, ყოველთვის მთელი გულით ვაკეთებთ საქმეს და მადლობა, რომ ქვეყნისთვის ასეთი სიხარულის მოტანის შანსი მომეცა“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

Матч Лиги Европы между тбилисским ФК “Локомотив” и московским ФК “Динамо” на стадионе им. Михаила Месхи-2. Второй тайм
© Sputnik / STRINGER
მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის

თბილისის „ლოკომოტივი“ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად ითამაშებს უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში. მისი მეტოქე ესპანური „გრანადა“ გახდება.

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის 24 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება.

112
თემები:
სპორტის ამბები (872)
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

34
(განახლებულია 16:33 28.10.2020)
სპორტული არენის გახსნაში, რომელიც პანდემიის გამო ძალზე მოკრძალებულად აღინიშნა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და სპორტის ვეტერანები.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ძალზე მოკრძალებულად, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.

ახალი სპორტული არენის აშენება აჭარის მთავრობას 141 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).

სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად აშენდა, განათებისა და ბგერის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი. სტადიონი ცეკვა „ხორუმის“ მოტივებზეა აგებული. ფიგურები ფასადის გასწვრივ მოცეკვავეების მოძრაობებს გამოსახავს. სტადიონის ფასადი, მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერში განათდება.

სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის, სფფ-ის წარმომადგენლები და სპორტის ვეტერანები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში სტადიონის გახსნით ქართველი გულშემატკივრის ოცნება ახდა.

„ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერი, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ როგორც კი პანდემია დამთავრდება, ის აჭარაში აუცილებლად მოუყრის თავს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს.

Георгий Гахария на открытии нового батумского стадиона
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კალაძემ.

უახლოეს პერიოდში სფფ-ს ბათუმის ახალ სტადიონზე ორი საერთაშორისო მატჩი აქვს დაგეგმილი და მან უკვე გაგზავნა განაცხადი უეფაში სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან საქართველოს ნაკრების მატჩებთან დაკავშირებით.

Новый батумский стадион - церемония открытия
ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.

34
თემები:
სპორტის ამბები (872)
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი

განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი სამი პოზიციით დაქვეითდა

29
(განახლებულია 18:34 27.10.2020)
ნოემბრის ბაშო, რომელზეც ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება, ტოკიოში 8-22 ნოემბერს გაიმართება.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ქართველი სუმოისტი ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა იქნება.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იასპარეზებენ სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე.

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მხოლოდ ექვსი გამარჯვება მოიპოვა და უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. მან წინა სუპერტურნირი მეოთხე მაეგაშირას წოდებით დაასრულა.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავ იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ არიან. ოძეკის წოდებით ტაკაკეიშო, ასანოიამა და შოდაი იასპარეზებენ.

მომდევნო ბაშო 8 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება. ტურნირს კოკუგიკანი უმასპინძლებს. ლევანის პირველი მეტოქის ვინაობას ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე გავიგებთ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ქართველი სუმოისტის რეგრესი. თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ მე-5 დივიზიონში დაქვეითდა და 46-ე ნომერი იქნება.

ნოემბრის ბაშოს, შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, 5000 მაყურებელი დაესწრება. კორონავირუსის პანდემიის გამო წინა ბაშოს ბევრად ნაკლები მაყურებელი ესწრებოდა.

29
თემები:
სპორტის ამბები (872)
ვითარება ნიცაში

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

0
(განახლებულია 18:08 29.10.2020)
დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ტერორისტულ აქტად შეაფასა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა Vigipirate–ს მაქსიმალური დონე გამოცხადდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ჟან კასტეკსმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველ ქვეყანაში დღეს მომხდარი რამდენიმე თავდასხმა გახდა, რასაც წინ 16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტის ხელით მკვლელობა უძღოდა წინ.

​„მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, დაუნდობელი და დაუყოვნებელი. მე უკვე მივიღე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე Vigipirate–ს გამოცხადების გადაწყვეტილება „ტერაქტის განგაშის“ დონეზე“, — განაცხადა კასტეკსმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უსაფრთხოების საბჭოს კრებას პარასკევ დილით მოიწვევს.

შეგახსენებთ: დღეს საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უცნობი მამაკაცი ნიცაში ნოტრ–დამის ეკლესიაში შევიდა, სადაც სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა დანით. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, თავდამსხმელმა, რომელიც მალევე დააკავა პოლიციამ, ერთ ასაკოვან ქალბატონს თავიც კი მოკვეთა.

ოდნავ მოგვიანებით ქალაქ ავინიონში მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს და მათ დაჭრას შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თითქმის იმავდროულად საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვას დაესხა თავს და, პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაჭრა ის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ზეიმობს, რომელზე კარიკატურებმაც აღაშფოთა ისლამური სამყარო.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს