თბილისის „ლოკომოტივი" დღეს მოსკოვის „დინამოს" დაუპირისპირდება

გამოწერა
მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონზე შეხვედრას ფრანგ არბიტრთა ბრიგადა განსჯის კარიმ აბედის ხელმძღვანელობით.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის მატჩი, რომელიც უეფას „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში ტარდება, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. 

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: „ეს არ არის დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის“

კორონავირუსის პანდემიის გამო უეფას მიერ შემოღებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების გათვალისწინებით მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ეს ეხება უეფას ეგიდით დაგეგმილ ყველა მატჩს.

შეხვედრას ფრანგ არბიტრთა ბრიგადა განსჯის კარიმ აბედის ხელმძღვანელობით.

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე რუმინეთის „კრაიოვა“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. რაც შეეხება „დინამოს“, რუსეთის გუნდი ასპარეზობას ტურნირის მეორე ეტაპიდან იწყებს.

ბოლოს თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროტურნირების მეორე რაუნდში 1999 წელს ითამაშა.

დღეს დაგეგმილ მატჩამდე ორივე კლუბმა საკუთარ ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშა. „ლოკომოტივმა“ „ჩიხურა“ დაამარცხა ანგარიშით 4:1, „დინამომ“ კი საკუთარ მოედანზე ყაზანის „რუბინთან“ წააგო – 0:1.

„ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის მატჩი ქართველი და რუსი ფეხბურთელების დაპირისპირების ისტორიაში რიგით მესამე იქნება. 1996 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში მოსკოვის „ტორპედო“ თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ერთი წლის შემდეგ კი ინტერტოტოს თასის ფარგლებში იმავე „ტორპედომ“ „მერანი 91“ დაამარცხა.

ყველა ახალი ამბავი
0