საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

127
(განახლებულია 13:20 09.09.2020)
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის ნახევარი მასპინძლები უმეტესობაში იყვნენ, მათ ამ უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა ვერ მოახერხეს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ – 1:1 დაასრულა.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი: იმედია, საქართველოს ფინალში შევხვდებით >>

ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. მასპინძლები დაწინაურდნენ მე-13 წუთზე, მას შემდეგ, რაც თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი, რომელიც საჯარიმო მოედანში ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა. სტუმრებმა 33-ე წუთზე გაიტანეს – ზუსტი დარტყმა სტეფან რისტოვსკიმ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მაკედონიელების ეს დარტყმა გიორგი ლორიას კარში ერთადერთი იყო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. საერთო ჯამში ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელებმა მეტოქის კარის მისამართით 13-ჯერ დაარტყეს. მეტიც, 64-ე წუთზე სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ. ქართველების კაპიტნის ჯაბა კანკავას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მოედნიდან ვისარ მუსლიუ გააძევეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის ნახევარი მასპინძლებმა უმრავლესობაში გაატარეს, მათ ამ უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა ვერ მოახერხეს. ყველაზე რეალური მომენტი, ისიც დამატებით დროში, ლევან შენგელიას ჰქონდა. თურქეთის „კონიასპორის“ ნახევარმცველმა დაახლოებით რვა მეტრიდან დაარტყა, მაგრამ საოცარი რეაქცია გამოავლინა ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარემ დამიან შიშკოსკიმ, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ფრე 1:1, რომლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გამოიმუშავა ერთი ქულა, ხოლო ქართულმა გუნდმა ორი ქულა დაკარგა.

ამ შეხვედრის შემდეგ ორივე ნაკრების აქტივში ოთხ-ოთხი ქულაა და ისინი უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის II ჯგუფის სათავეში არიან. მესამე პოზიციაზე გავიდა სომხეთის ნაკრები, რომელმაც პარალელურ მატჩში შინ ესტონეთს მოუგო ანგარიშით 2:0.

127
თემები:
სპორტის ამბები (825)
უეფას ევროპის ლიგა. თბილისის „ლოკომოტივი“ - მოსკოვის „დინამო“

თბილისის „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას „ევროპა ლიგაში“ ასპარეზობა დაასრულეს

84
(განახლებულია 13:28 25.09.2020)
„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბებმა „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები წააგეს.

„ლოკომოტივი“ გასვლაზე დამარცხდა ესპანურ „გრანადასთან“ ანგარიშით 0:2. ორივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 48-ე წუთზე ესპანელები წინ გაიყვანა დარვინ მაჩისმა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ხორხე მოლინამ საბოლოო ანგარიში გააფორმა. აღსანიშნავია, რომ „რკინიგზელები“ მეორე ტაიმის შუა პერიოდიდან უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რადგან მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევეს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისურმა კლუბმა გამანადგურებელი მარცხი განიცადა – ფარერების კუნძულების ჩემპიონმა „კლაქსვიკმა“ მას 6:1 მოუგო. შეხვედრის გმირი გახდა თავდამსხმელი პოლ კლეტსკარდი, რომელმაც ჰეტ-ტრიკი შეასრულა. „დინამოელთა“ მხრიდან პრესტიჟის გოლი ჟოზე ვიტორმა გაიტანა.

„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ. მანამდე უეფას „ევროპა ლიგის“ პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონთან“ 1:5 დამარცხდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ – ისრაელის „ჰაპოელთან“ (0:3).

84
თემები:
სპორტის ამბები (825)
შოთა არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

არველაძემ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა

59
(განახლებულია 21:46 24.09.2020)
კლუბის მწვრთნელი მატჩს ვერ დაესწრო, რადგან ქართველ სპეციალისტს მატჩის წინა დღეს კორონავირუსი დაუდგინდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორი“, რომლის მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძეა, პირველად 10 წლის მანძილზე აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „ფახთაქორმა“ გასვლაზე მოუგო ირანის „პადიდე ჰორასანს“ 1:0 და 11 ქულით კვარტეტში პირველი ადგილი დაიკავა.

თავად არველაძე მატჩს ვერ დაესწრო, რადგან ქართველ სპეციალისტს მატჩის წინა დღეს კორონავირუსი დაუდგინეს და მომდევნო ორ კვირას ის კარანტინში გაატარებს.

გამარჯვების შემდეგ „ფახთაქორის“ მოთამაშეებმა მხარი დაუჭირეს თავის მთავარ მწვრთნელს და გადაიღეს საერთო ფოტო, რომელზეც ეჭირათ მაისური, რომელსაც არველაძის გვარი ეწერა.

მერვედფინალურ მატჩში, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება, გუნდი ირანის „ესტეგლალს“ შეხვდება.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ტაშკენტის კლუბმა 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა, 2018 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა და გასულ წელს უზბეკეთის ჩემპიონიც გახდა.

59
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა