ვალერიან გვილია შეტევისას

გამარჯვებულის „ლეკური“ ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონია

68
(განახლებულია 21:21 13.07.2020)
ქართველმა ნახევარმცველმა „ლეგიის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიის“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

„ლეგიამ“ „კრაკოვს“ 2:0 სძლია. პირველი გოლის ავტორი ტომაშ პეკჰარტი იყო, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე გვილიამ დაადგინა, რის შემდეგაც მოედანზე „ლეკურიც“ იცეკვა.

„ჩემპიონები ვართ! „ლეგიას“ ჩემპიონობა – ეს მთელი წლის განმავლობაში გაძლიერებული და დაძაბული მუშაობის შედეგია. კარგ თუ ცუდ დროს ყოველთვის ერთად ვიყავით, მზად ვიყავით ერთმანეთის მხარდასაჭერად. და, რაც მთავარია, არასდროს ვნებდებოდით. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს! მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის მხარს გვიჭერდა!“ – დაწერა გვილიამ გამარჯვების შემდეგ თავის Instagram-ზე.

გვილიასთვის ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. მან „ლეგიის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, გააკეთა ცხრა შედეგიანი გადაცემა. ეს 26 წლის ფეხბურთელის საუკეთესო მაჩვენებელია კარიერის განმავლობაში. ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა, ასევე რამდენჯერმე გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

გვილია „ლეგიაში“ გასული წლის ზაფხულში შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ბელარუსულ გუნდებში „ბატე“ და „მინსკი“, უკრაინის „მეტალურგში“ და პოლონეთის „გურნიკში“.

68
თემები:
სპორტის ამბები (756)
თბილისის „დინამო

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

112
(განახლებულია 18:40 09.08.2020)
უეფას ახალი რეგულაციებითა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტით, გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანას“ შეხვდება. კენჭისყრა უეფას შტაბ–ბინაში – ნიონში გაიმართა.

მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

უეფას ახალი რეგულაციებისა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტის თანახმად გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება. თუ გამარჯვებული მატჩის ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დაინიშნება 30–წუთიანი დამატებითი დრო. თუ ამის შემდეგაც ფრე ანგარიში იქნება, მაშინ გუნდის შემდეგ რაუნდში გადასვლას პენალტები გადაწყვეტს.

გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წააგებს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდება.

უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი>>

ასევე უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი და მათ შორის, თბილისშიც, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

112
თემები:
სპორტის ამბები (756)
ოდისეი დიმიტრიადი

რატომ ანდეს ოლიმპიადა-80-ის მუსიკალური გაფორმება ქართველ დირიჟორს

121
(განახლებულია 15:17 05.08.2020)
ოლიმპიადა-80-ის მთავარი დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის ქალიშვილი „Sputnik-საქართველოს“ მამის რთულ ბედსა და ოლიმპიური თამაშების მუსიკალურ გაფორმებაში შეტანილი წვლილის შესახებ ესაუბრა.

საბჭოთა კავშირი ოლიმპიადისთვის ისე ემზადებოდა, როგორც პლანეტარული მასშტაბის ღონისძიებისთვის. თამაშების დახურვა, ისევე, როგორც გახსნა, გრანდიოზული და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ოლიმპიური ჰიტების დასაწერად პახმუტოვა და დობრონრავოვი მიიწვიეს, ხოლო მუსიკალური არანჟირება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დირიჟორს ოდისეი დიმიტრიადის მიანდეს.  

Одиссей Димитриад с дочерью Наной
photo: courtesy of Nana Dimitriadi
ოდისეი დიმიტრიადი ქალიშვილთან, ნანასთან ერთად

საგზური ცხოვრებაში

ოდისეი დიმიტრიადი 1908 წლის 7 ივლისს დაიბადა ბათუმის საქალაქო საბჭოს წევრის აქილეს დიმიტრიადის მრავალშვილიან ოჯახში. მუსიკისადმი ნიჭი ბიჭს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოუვლინდა. ამიტომ, როგორც კი წამოიზარდა, მუსიკალურ სასწავლებელში გაამწესეს, სადაც მას სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდნენ.

მაგრამ ახალმა, საბჭოთა ხელისუფლებამ აქილეს დიმიტრიადის ქონება ჩამოართვა და ხმის უფლებაც ჩამოართვა. ახალი დროის კანონების მიხედვით კი ასეთი ადამიანების შვილებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ, მამის რჩევით, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1925 წლის ზაფხულში ოდისეი თავის უფროს ძმასთან წავიდა სოხუმში, რომელიც იქ სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა. ოდისეის ერთი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა იქ, რათა კონსერვატორიაში ჩაბარების შემთხვევაში წარედგინა საბუთი, რომ ძმის კმაყოფაზე ცხოვრობდა.

Одиссей Димитриади с первой супругой Надежой Харадзе, 1929 год.
photo: courtesy of Nana Dimitriadi
ოდისეი დიმიტრიადი და ნადეჟდა ხარაძე

ერთი წლის შემდეგ ოდისეიმ ტფილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო განყოფილებაზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მან ვოკალური განყოფილების სტუდენტი, მომავალი საოპერო მომღერალი ნადეჟდა ხარაძე გაიცნო. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მაშინვე დაქორწინდნენ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდნენ.

ოდისეი დიმიტრიადის ქალიშვილი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნანა დიმიტრიადი იხსენებს:

„მამა პირველად ხუთი წლისამ გავიცანი. ის და დედა განქორწინებული იყვნენ. ბებიაჩემი კი, დედაჩემის დედა მასწავლიდა, როცა მამაშენი მოვა, უთხარი, რომ მაწანწალააო. და, აი, მამაც მოვიდა. ხელში ამიყვანა. მე კი ძლივს გასაგებად, მორცხვად აღმომხდა ეს სიტყვა ― „მაწანწალა“. მამამ, რა თქმა უნდა, გამიღიმა და ჩამეხუტა. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. არც დები და არც ძმები მე არ მყავდა. მაგრამ ჩემი ნახევარძმები სწორედ ასე აღვიქვი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. დეიდა ლიზასთანაც (ოდისეის მეორე ცოლი) ვმეგობრობდი, ერთმანეთს ხშირად საიდუმლოებებსაც ვანდობდით. მამა ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელი მამაკაცი იყო და ყოველთვის იპყრობდა ქალების ყურადღებას. დეიდა ლიზას კი ეს გულს ტკენდა (იცინის). 

მამა დიდი პატრიოტი იყო. მან ჩემს ძმებს ბერძნული სახელები დაარქვა, მაგრამ დედაჩემმა არ მისცა მას ჩემთვისაც  ტრადიციული ბერძნული სახელის დარქმევის უფლება. უთხრა, ბავშვს დედა ქართველი ჰყავს, ამიტომ სახელიც ქართული ექნებაო. ის კი არა, დედას სურდა, რომ მის გვარზე გადავსულიყავი. მაგრამ მამამისმა, ჩემმა ბაბუამ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა – არავითარ შემთხვევაში, გოგონამ მამის გვარი უნდა ატაროსო, უთხრა. თუმცა, მიუხედავად გვარისა და ფესვებისა, სამიდან არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ბერძნული“.

ოდისეი დიმიტრიადის პირველი გამოსვლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1937-ში გაიმართა. ის ოპერა „ევგენი ონეგინს“ დირიჟორობდა. წარმატება იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ ოპერისა და ბალეტის მთავარმა დირიჟორმა ევგენი მიქელაძემ ოდისეი თბილისში სამუშაოდ მიიწვია. და ისიც დათანხმდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში მიქელაძეს დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ. მომხდარის შემდეგ დიმიტრიადი გამუდმებით ელოდებოდა, რომ მის წასაყვანადაც მივიდოდნენ, მაგრამ გადარჩა ― არ მივიდნენ.  

Дирижер Одиссей Димитриади
© photo: Sputnik /
ოდისეი დიმიტრიადი

მერე კი ომი დაიწყო. ომის დასასრულს ის საქართველოს სსრკ-ის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშნეს. 1952 წელს კი ის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი გახდა.

ნანა დიმიტრიადი: „ერთხელაც თბილისში მამაჩემის მეგობარი და დიდი მუსიკოსი მელიქ-ფაშაევი ჩამოვიდა მოსკოვიდან. მან მამას მოუსმინა და თქვა, რომ ოდისეის ნიჭს სხვა მასშტაბები სჭირდებოდა. მანაც რჩევა ყურად იღო და მოსკოვში გაემგზავრა.

იქ დიდი წარმატებით გამოვიდა. მოვიდა დიდ თეატრში მუშაობის დაწყების შესახებ განცხადების დაწერის დროც. ანკეტა, რომელიც დირიჟორს უნდა შეევსო, შეიცავდა კითხვებს ნათესავების შესახებაც. ოდისეიმ ყველაფერი დაწერა ისე, როგორც იყო ― რომ მისი ყველა ნათესავი საბერძნეთში ცხოვრობდა. სულ ერთია, მაინც ყველაფერს გაიგებენო, ფიქრობდა მუსიკოსი. გავიდა დრო, მაგრამ პასუხი არა და არ აღირსეს“.

ყველაფერი „ხალხთა ბელადის“ გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. ოდისეის დიმიტრიადის დიდ თეატრში დაუძახეს. შემდეგ იყო მუშაობა, გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში დიდი თეატრის წამყვანი დირიჟორის სტატუსით. 

ნანა დიმიტრიადი: „მექსიკაში ყოფნის დროს ტრაგედია დაატყდა თავს ― დაიღუპა ოდისეის ვაჟი. პარისი 25 წლის იყო. მეგობრებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა ღამით, მღეროდნენ. ცუდი მხედველობა ჰქონდა და გზაზე შემომსაზღვრელი ლენტი ვერ შენიშნა. გადააბიჯა მას, ფეხი მიწაყრილში ჩაეფლო და თან ჩაიტანა. პარისმა ხელები ზემოთ ასწია ― შეეშინდა, რომ ხელები არ დაზიანებოდა, ის ხომ ძალიან ნიჭიერი პიანისტი იყო. ამ დროს მან ძლიერ დაიზიანა თირკმლები და 12 დღეში გარდაიცვალა. პარისის სიკვდილი მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა. მწუხარების გაქარვებაში მას საყვარელი მუსიკა ეხმარებოდა“.

„კარმენი“ და ოლიმპიადა

70-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სსრ-ის კულტურის მინისტრმა, კომპოზიტორმა ოთარ თაქთაქიშვილმა ოდისეი დიმიტრიადი ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანლად მიიწვია.

ნანა დიმიტრიადი: „ვერ შეეგუა მამა მოსკოვს, მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლით მან დიდ პროფესიონალურ ზრდას მიაღწია. ის მეტისმეტად მიჯაჭვული იყო საქართველოს, მის გარეშე არ შეეძლო. ყოველთვის მზად იყო საქართველოში დასაბრუნებლად, რაც უნდა მაცდური ყოფილიყო სამუშაო ნებისმიერ სხვა ქალაქში“.

მერე, 1980 წელს ოდისეი დიმიტრიადი ოლიმპიადა-80-ის მთავარ დირიჟორად დანიშნეს.

ნანა დიმიტრიადი: „მე და მამა არასდროს ვსაუბრობდით ოლიმპიადაზე. ის ხომ შემოქმედებითი ადამიანი გახლდათ, ოლიმპიადა კი მისთვის ცოტა კონიუნქტურული ღონისძიება იყო. მთავარ დირიჟორად მიწვევას სხვა მიზეზიც ჰქონდა ― აბა, მოუსმინეთ: საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის მთავარი დირიჟორი ოდისეი აქილესის ძე დიმიტრიადი! ოლიმპიადას ბერძენი დირიჟორობდა...

ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მამა მარტო მისი ბერძნული წარმოშობის გამო კი არ მიიწვიეს, არამედ იმის გამო, რომ ის დიდი პროფესიონალი იყო ― ძალიან მრავალმხრივი მუსიკოსი, ფენომენალური მახსოვრობით. ახსოვდა ყველა ის ოპერეტა, რომელსაც ბავშვობაში ბათუმში უსმენდა. ამიტომ ის ხშირად აწყობდა ვალსისა და ოპერეტის საღამოებს“...

ოდისეი დიმიტრიადი 2005 წელს გარდაიცვალა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ხელოვნებას და, რაც უნდა რთული ყოფილიყო არჩევანი, ის ყოველთვის მუსიკის სასარგებლოდ აკეთებდა მას. უბრალოდ იმიტომ, რომ მუსიკა თავდავიწყებით უყვარდა და სხვაგვარად არ შეეძლო.

121
თემები:
ოლიმპიადა 1980
მესტია

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

0
საქართველოს მთავრობამ სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები შემოიღო.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.

დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია სოფელ ლენჯერზე. აქ ყურადსაღებია ერთი ოჯახი, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

„სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში.

კერძოდ, შეზღუდვები გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. 

  • უშგულსა და ლენჯერში იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.
  • ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.
  • გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები მხოლოდ სვანეთში ამოქმედდება.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომლებიც დეტალურ კვლევებს აწარმოებენ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში