საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

საქართველო–ბელარუსის ფეხბურთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება?

102
(განახლებულია 15:22 15.05.2020)
იგეგმება, რომ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები ოქტომბერ–ნოემბერში გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები, მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსს შორის დაგეგმილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება, წერს გამოცემა Belfast Telegraph ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით. 

უეფა უახლოეს დღეებში ეროვნულ ასოციაციებს ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის. აღნიშნული საკითხი ეროვნული ასოციაციების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ასევე უეფა აგრძელებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უმაღლესი ლიგის საერთაშორისო მატჩების კალენდრის შედგენას.

ამ დროისთვის იგეგმება, რომ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები ოქტომბერ–ნოემბერში გაიმართოს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდება, ეს, რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის „დიდი დარტყმა“ იქნება, რამდენადაც საქართველო–ბელარუსის მატჩი თბილისში უნდა გაიმართოს. მისი გამართვა „დინამო არენაზე“ 26 მარტს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული მოვლენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა მიუღებელია. უეფას გადაწყვეტილებას მატჩის გადატანის შესახებ კობიაშვილმა იდეალური უწოდა.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება. უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის შედეგებით უნდა განისაზღვროს დარჩენილი ოთხი ნაკრები, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის საკუთარ ჯგუფში გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გასვლისთვის ბელარუსის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს. D დივიზიონის მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ.

102
თემები:
სპორტის ამბები (693)
ბექა მიქელთაძე

ყაზანის „რუბინმა“ ორ ქართველთან კონტრაქტი არ გააგრძელა

28
(განახლებულია 09:30 02.06.2020)
„რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი განაგრძობს თამაშს – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „რუბინი“ ორ ქართველ ფეხბურთელთან – ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანთან კონტრაქტი არ გააგრძელა, ნათქვამია ყაზახური კლუბის განცხადებაში.

ორივე ფეხბურთელი „რუბინში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა, ხოლო ამა წლის თებერვლიდან ისინი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარის უფლებით გამოდიოდნენ.

„რუბინის“ შემადგენლობაში მიქელთაძემ ჩაატარა 11 მატჩი და გაიტანა ერთი გოლი, ხოლო ყიფიანმა – არცთუ შედეგანი სამი მატჩი.

„რუბინმა“ თავის განცხადებაში ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

მიქელთაძე საქართველოს მოქალაქე და თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილი.

„რუბინში“კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდის (ძირითად შემადგენლობაში) – ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი.

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 21 ივნისს განახლდება.

28
თემები:
სპორტის ამბები (693)
ლევან ხარაბაძე

ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიიდან თბილისში დაბრუნდა

47
(განახლებულია 18:02 31.05.2020)
„ციურიხის“ შემადგენლობაში ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც შვეიცარიის „ციურიხის“ შემადგენლობაში იჯარის უფლებით გამოდიოდა, თბილისის „დინამოში“ ბრუნდება, ნათქვამია ქართული კლუბის განცხადებაში.

ხარაბაძე „ციურიხში“ გასული წლის ზამთარში გადავიდა იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც ერთნახევარ სეზონზე იყო გათვლილი. იჯარის დასრულების შემდეგ შვეიცარიულმა კლუბმა მცველის გამოსყიდვა არ ისურვა და ხარაბაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

„ციურიხის“ შემადგენლობაში ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ბოლო დროს ხარაბაძეს ტრავმები აწუხებდა, ამიტომ „დინამოს“ სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მცველი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ შეწყდა. როდის განახლდება ეროვნული პირველობა, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის „დინამო“ საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.

47
თემები:
სპორტის ამბები (693)
ნოდიკო ტატიშვილი

„თითქოს კორპუსი გა­და­ყი­რავ­და, დღეს გადავრჩით, მაგრამ...“ - ნოდიკო ტატიშვილი შემთხვევაზე

0
(განახლებულია 10:43 02.06.2020)
პოპულარული ქართველი მომღერალი გაზგასამართი სადგურის აფეთქებას შეესწრო. ნახეთ რას ყვება ნოდიკო ტატიშვილი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი იმ გაზგასამართ სადგურთან ცხოვრობს, სადაც 1 ივნისს, საღამოს საათებში ძლიერი აფეთქება მოხდა. „რუსთავი 2“-თან საუბარში მომღერალმა აღნიშნა, რომ ისეთ ადგილას, სადაც ამდენი საცხოვრებელი შენობა დგას, გაზგასამართი სადგურის არსებობა დაუშვებელია.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აფეთქების შემდეგ ჩემი კორპუსი გადაყირავდა. სასწაული აფეთქების ხმა იყო. მე მგონია, რომ დღეს გადავრჩით, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, ეს თუ ასე დარჩება", - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუაჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე მუშაობდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაიყვანილი.

ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაზგასამართი სადგურის გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაიმსხვრა, ასევე, დაზიანდა ავტომობილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება