ნანა ძაგნიძე

შვეიცარიაში გამარჯვების შემდეგ ქართველი მოჭადრაკე თვითიზოლაციაში იმყოფება

134
(განახლებულია 19:54 17.03.2020)
ნანა ძაგნიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან პროფესიონალების მიერ გაცემული რჩევები და შემოღებული წესები.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის შესახებ მოჭადრაკემ ვიდეომიმართვა Facebook–გვერდზე გაავრცელა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტია. 

საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

„როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ყველა მგზავრი სკანერ–კონტროლზე შეგვამოწმეს. შემდეგ გავიარეთ საპასპორტო კონტროლი, სადაც მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაგვაცნეს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითიზოლაციის პერსპექტივა არც ისე მხიბლავდა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნებს“, – განაცხადა ძაგნიძემ საკუთარ მიმართვაში.

მან ყველას მოუწოდა, დაიცვან პროფესიონალების მიერ გაცემული რჩევები და დადგენილი წესები.

„ამით ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს, განსაკუთრებით ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის“, – განაცხადა ძაგნიძემ.

ძაგნიძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ უქმეებზე დაბრუნდა შვეიცარიის ქალაქ ლოზანიდან, სადაც გახდა გრან–პრის ეტაპის გამარჯვებული.

ტურნირის 11 პარტიაში ძაგნიძემ შვიდი ქულა დააგროვა. ქულების ასეთივე რაოდენობა დააგროვა ალექსანდრა გორიაჩკინამ, თუმცა ქართველმა მოჭადრაკემ რუსი სპორტსმენი დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოიტოვა უკან. მესამე ადგილი ყაზახმა ჟანსაია აბდუმალიკმა დაიკავა.

 

134
თემები:
სპორტის ამბები (660)