რაგბი

რაგბიში საქართველო–რუსეთის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

132
(განახლებულია 15:55 13.03.2020)
თუ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომების პირობებში 15 აპრილამდე ვითარება არ დასტაბილურდება, „რაგბი ევროპა“ ყველა შეჯიბრს უყოყმანოდ გადაიტანს.

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ევროპის ერთა თასის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში 14 მარტს უნდა გამართულიყო, მინიმუმ 15 აპრილამდე არ ჩატარდება, ნათქვამია „რაგბის ევროპის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

„ყველა მატჩი, რომელიც „რაგბი ევროპის“ ეგიდით 13 მარტიდან 15 აპრილის პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ: „გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენთვის პრიორიტეტულია მორაგბეების, მწვრთნელების, ოფიციალური პირებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იმედი გვაქვს, რომ 15 აპრილამდე საკმარისი იქნება დრო, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ უყოყმანოდ გადავავადებთ ყველა შეჯიბრს“.

ასე რომ, ევროპის ერთა თასის დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ საქართველოსა და რუსეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის, რუმინეთისა და ბელგიის გუნდებს, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

132
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (787)