ფეხბურთი

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში კორონავირუსის გამო შეჩერდა

46
(განახლებულია 13:45 11.03.2020)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობაა

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერდა. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ავრცელებს.

„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 29 თებერვალს დაიწყო, ორი ტური გათამაშდა. ამ დროისთვის ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია გორის „დილა", რომელსაც ექვსი ქულა აქვს.

კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გამო კვლავ გაურკვეველია ვითარება უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალთან მიმართებით, სადაც საქართველო და ბელარუსი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი 26 მარტს თბილისში უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უეფას ქართული მხარისთვის თავისი გადაწყვეტილება ჯერ არ უცნობებია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსფ განაგრძობს ნახევარფინალისთვის მზადებას და მატჩის გადატანის ან მისი ცარიელ ტრიბუნებიან მოედანზე ჩატარებას არ განიხილავს. მატჩის ბილეთები ერთ კვირაში გაიყიდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია.

უფრო ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან-პრის ჩატარების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 27-29 მარტს იყო დაგეგმილი.

46
თემები:
სპორტის ამბები (658)