ქართველმა ძიუდოისტებმა დიუსელდორფში მეორე ოქრო მოიგეს

გამოწერა
დიუსელდორფის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა მთლიანობაში ოთხი მედალი – ორი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში „დიდი სლემის" სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრების ფინალში +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა გერმანელ იოჰანეს ფრეემს მოუგო. იპონით გამარჯვებისთვის ქართველ ძიუდოისტს სულ 43 წამი დასჭირდა.

თუშიშვილისთვის, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილი უკავია, დიუსელდორფში წარმატება „დიდი სლემის" სერიის ტურნირებზე მეორე გამარჯვებაა. პირველი გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა 2017 წელს მოიპოვა.

თუშიშვილის გარდა, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა.

დიუსელდორფის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვეს. უფრო ადრე ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81), ბრინჯაო კი ვაჟა მარგველაშვილს ერგო (-66).

ყველა ახალი ამბავი
0