გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო თურქეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასპარეზობა რომში გაიმართა.

შეჯიბრების ფინალში 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა მძიმეწონოსანმა პოლონელ რობერტ ბარანუს არც ერთი შანსი არ დაუტოვა და 11:0 მოუგო.

პეტრიაშვილისთვის ეს გამარჯვება კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორეა. პირველად ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი 2016 წელს გახდა რიგის ტურნირზე. ამ ორი ჯილდოს გარდა ჩვენი სპორტსმენის უმაღლეს ჯილდოთა შორისაა ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატებზე (2018 და 2019) და ორი ბრინჯაო (2013 და 2017).

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ბექა ლომთაძე (-61), ბრინჯაოს პრიზიორები კი ავთანდილ კენჭაძე (-74) და ელიზბარ ოდიკაძე (-97).

რამდენი მედლის აღების შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის ოლიმპიადაზე – ექსპერტების პროგნოზი>>

შედეგის მიხედვით საქართველოს ნაკრებმა 95 ქულა დააგროვა და თურქეთის ნაკრებთან მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო საერთო გუნდურ ჩათვლაში. ასპარეზობის გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები 186 ქულით, ხოლო მეორე ადგილი 116 ქულით აზერბაიჯანის გუნდმა დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0