გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

ქართველმა მოციგურავეებმა ხორვატიის გრან-პრიზე ოქროს მედლები აიღეს

1056
(განახლებულია 18:55 29.09.2019)
ქართველმა მოციგურავეებმა მოიპოვეს უფლება მონაწილეობა მიიღონ ტურინში სეზონის ფინალურ გრან-პრიზე

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა  გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ სპორტულ ცეკვებში ყინულზე მოიპოვეს ოქროს მედლები იუნიორთა გრან-პრის მეექვსე ეტაპზე, რომელიც ზაგრებში (ხორვატია) მიმდინარეობს.

ტურნირში 14 ქვეყნიდან მოციგურავეთა 17 წყვილი მონაწილეობდა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ, რევია-კაზაკოვას წყვილმა დააგროვა 169.22 ქულა და პირველ ადგილზე გავიდა. ვერცხლი ერგო წყვილს რუსეთიდან - სოფია ტიუტიუნინას და ალექსანდრ შუსტინსკის, ბრინჯაო - კანადელებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი ოქროა ქართველი წყვილის ისტორიაში.

ზაგრებში გამარჯვების წყალობით, ქართველმა მოციგურავეებმა მოიპოვეს უფლება მონაწილეობა მიიღონ გრან-პრის დასკვნით ეტაპზე, რომელიც 5-9 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

18 წლის მარია კაზაკოვა და 20 წლის გიორგი რევია საქართველოს სახელით 2016 წლიდან ასპარეზობენ.

იუნიორთა გრან-პრი ფიგურულ სრიალში (ISU Junior Figure Skating Grand Prix) 1997 წლიდან ტარდება და მოიცავს ISU-ს შვიდ შეჯიბრებას და ფინალს. შეჯიბრებაში მონაწილეობენ 13-დან 19 წლამდე ასაკის სპორტსმენები (წყვილებში და ყინულის ცეკვებში - 21 წლამდე ასაკის მოციგურავეები).

1056
თემები:
სპორტის ამბები (722)
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

147
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

147
თემები:
სპორტის ამბები (722)
ახალი სტადიონი ბათუმში

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო

364
(განახლებულია 12:02 04.07.2020)
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს და მისი მშენებლობის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

Строительство нового стадиона в Батуми - вид сверху
ახალი სტადიონი ბათუმში

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ძველი სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს, მას მერე ქალაქს სტადიონი არ აქვს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი.

364
თემები:
სპორტის ამბები (722)
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/5 ივლისი

85618
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 948 ადამიანს შეადგენს, აქედან 825 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3569, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 199 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
85618
თემები:
COVID-19 საქართველოში