შოთა არველაძე

სიყვარული ფეხბურთელებს ხელს უშლის - არველაძემ უზბეკეთის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა

60
ფეხბურთში ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და არ უნდა ჩაერიოს მწვრთნელის საქმიანობაში, მიიჩნევს ქართველი სპეციალისტი

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ტაშკენტის „პახტაკორის" ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ, რომელმაც თავისი კლუბი უზბეკეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა, ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელეგადაცემას Alter Ago.

როდესაც შოთა არველაძემ და მისმა ძმამ არჩილმა ორი წლის წინ გადაწყვიტეს ტაშკენტის „პახტაკორის“ თავკაცობა, ბევრი ცდილობდა მათ გადარწმუნებას, ამბობდნენ, რომ უზბეკეთი არის აზია და არ არის საფეხბურთო ქვეყანა. შოთას არწმუნებდნენ, რომ ის გაქრებოდა ტელეეკრანებიდან და მას დაივიწყებდნენ.

ახლა მწვრთნელი ბევრ საერთოს პოულობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ფეხბურთზე და მას უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს. ამისათვის, არველაძის თქმით, საჭიროა შესაბამისი მარკეტინგი და მეტი რეკლამა.

ქართველი მწვრთნელის თქმით, ფეხბურთში მთავარია შრომისუნარიანობა და კონცენტრაცია. თამაშზე კონცენტრირებაში მოთამაშეს ხელს უშლის როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ემოციები.

„აი ფეხბურთელს გიჟურად შეუყვარდა და ვერ თამაშობს. კონცენტრაცია იკარგება. თამაშს ხელს უშლის არა მხოლოდ ნეგატიური მომენტები. შეუყვარდა, ქორწილია, დაფრინავს. თითქოსდა ეს თამაშს უნდა ეხმარებოდეს. მაგრამ ის აზრებით სულ სხვაგან არის, მხოლოდ მასთან შეხვედრაზე ფიქრობს. ამიტომ ფეხბურთში ემოციები, პირადი განცდები და სიყვარულიც კი ხელისშემშლელია”, - გამოტყდა შოთა არველაძე.

შოთა არველაძის თქმით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის დიალოგი უნდა არსებობდეს. მოთამაშეებმა უნდა ისაუბრონ კლუბის პრობლემებზე, განსაკუთრებით თუ მწვრთნელი ახლახან შეუერთდა გუნდს. ამის გარეშე შედეგების გაუმჯობესება და კარგი მაჩვენებლები შეუძლებელია. ამავე დროს, ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და მწვრთნელის მუშაობაში არ ჩაერიოს.

„ერთხელ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა: შოთა, ყოველთვის რატომ აგვიანებ შეცვლებს? რაზეც ვუპასუხე: როდისმე გაგიკეთებია შეცვლა? მან თქვა - არა. მაშინ საიდან იცის, რომ მე ვაგვიანებ? მწვრთნელის კარიერის განმავლობაში დაახლოებით ხუთი ათასი შეცვლა მაქვს გაკეთებული. ზოგჯერ ვცდებოდი, რაღაც არ გამოდიოდა. მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი, ვიცი, როგორ კეთდება შეცვლა. შენ, რომელსაც მსგავსი არაფერი გაგიკეთებია, შეიძლება მხოლოდ ელემენტი შეგიცვლია, როგორ შეგიძლია ილაპარაკო ან მირჩიო?“ - გაიხსენა არველაძემ.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ქალთა ფეხბურთის საკითხზე. მისი თქმით, როგორც ქართული, ისე უზბეკური ქალთა ფეხბურთის განვითარებას, უპირველეს ყოვლისა მენტალიტეტი აფერხებს. ის, რაც მიღებულია ჰოლანდიასა თუ ინგლისში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გენდერულ პრიზმაში აღიქმება.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ AZ-ში (Alkmaar Zaanstreek) ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. ინდივიდუალური კარიერა 2010 წელს თურქეთში დაიწყო, მუშაობდა სამ კლუბთან: „ქაისერსპორი“, „ქასიმფაშა“ და „ტრაბზონსპორი“. ქართველი სპეციალისტის კარიერაში შემდეგი ეტაპი გახდა თელ-ავივის „მაკაბი“, შემდეგ კი, 2017 წელს არველაძე „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში.

არჩილ არველაძე: უცებ ერდოღანი მოტრიალდა, დაგვინახა და გაგვიღიმა >>

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ყოფილი თავდამსხმელის ანგარიშზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 26 გატანილი გოლი ირიცხება.

60
თემები:
სპორტის ამბები (406)