რაგბი. საქართველო-უელსი

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი: ბიჭებს ვთხოვე, ანგარიშზე არ ეფიქრათ

79
ქართველმა მორაგბეებმა უელსთან მატჩში წაგების მიზეზებისა და მომდევნო თამაშისთვის განწყობის შესახებ ისაუბრეს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. პირველ ტაიმში ამდენი შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, განაცხადა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, უელსის გუნდთან ანგარიშით 14:43 დამარცხების შემდეგ.

„უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ. თამაშამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ გაწეული სამუშაოს ფონზე, მთელი მატჩის განმავლობაში კონკურენტუნარიანები ვიქნებოდით, თუ არ დავუშვებდით შეცდომებს. სწორედ აქაა გასაღები. პირველ ტაიმში ამდენი შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, რადგან 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. შესვენებისას ბიჭებს ვთხოვეთ, რომ არ ეფიქრათ ანგარიშზე, ისე ეთამაშათ, თითქოს 0:0 იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი ტაიმი ჩავატარეთ“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

"ბორჯღალოსნების" მარცხი უელსთან და გამარჯვების შანსები >>

ახალზელანდიელი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს ექვსი ერის თასში მოხვედრა სჭირდება, რათა თამაშის ხარისხი და შედეგები გაუმჯობესდეს.

„შეუძლებელია მსოფლიო თასზე უელსთან მატჩში ელოდო საოცრებებს, თუ არ ხარ მიჩვეული ასეთ სისწრაფეებზე თამაშს. პირველ ტაიმში გაშვებული 29 ქულა იმაზე მეტყველებს, რომ თუ შეცდომას ვუშვებთ, უელსის მსგავსი კარგი გუნდი აუცილებლად შეგვჭამს“, - განაცხადა მწვრთნელმა.

რაც შეეხება ნაკრების მოთამაშეებს, ურუგვაის ნაკრებთან გასამართ მატჩში ისინი მაქსიმალური შედეგის დადებას პირდებიან.

„შესვენებაზე ერთმანეთს ველაპარაკეთ და გამოვასწორეთ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენა ისევ ისეთივე დარჩა, რაც პირველი ტაიმის ბოლოს იყო (29 ქულა), რაღაც პლუსები მაინც იყო. მომავალში ვეცდებით, რომ მსგავსი დაქსაქსულობა ავიცილოთ”,- განაცხადა ნაკრების უკანა ხაზის მოთამაშემ სოსო მატიაშვილმა.

ბექა გორგაძის თქმით, მატჩის დასაწყისი ძალიან რთული იყო და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ადვილად დაუთმო ქულები. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა დაამიწეს და წარმატებით განახორციელეს ორი გარდასახვა, პირველი ტაიმის შეცდომების გამოსწორება ვერ მოხერხდა.

„ეს წაგება გუნდზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და ურუგვაისთან მატჩში ვეცდებით დავაფიქსიროთ ის შედეგი, რასაც გულშემატკივარი მოელის ჩვენგან”, - დასძინა ბექა გორგაძემ.

საქართველოს ნაკრები თავის მომდევნო მატჩს ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს 29 სექტემბერს იაპონიის ქალაქ კუმაგაიაში. მატჩი დაიწყება თბილისის დროით 09:15 საათზე.

79
თემები:
სპორტის ამბები (406)