თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოს გრან-პრიზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში გაიმართა, ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი სპორტსმენი ბეკმუროდ ოლტიბოევი იპონით დაამარცხა ისე, რომ მას არანაირი შანსი არ დაუტოვა.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ). მან ნახევარფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში – იაპონელ ბეიკერ მასიუსთან წააგო.
გრან-პრი ტაშკენტში 20-22 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 467 სპორტსმენი 73 ქვეყნიდან.