ვანში ნინო ხურციძის ხსოვნის საჭადრაკო ტურნირი გაიმართა

© courtesy of Volunteers Batumi Chess Olympiad 2018ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე 42 წლის ასაკში შარშან გარდაიცვალა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, საერთაშორისო დიდოსტატის ნინო ხურციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქალაქ ვანში საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მოიგო, აღნიშნულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

ორდღიანი შეჯიბრება ნინო ხურციძის სახელობის საჭადრაკო კლუბში გაიმართა. ნანა ძაგნიძემ მანამდე ტურნირის ლიდერს ნინო ბაციაშვილს ბოლო ტურში მოუგო და საპატიო თასის მფლობელი გახდა. მესამე ადგილი მოჭადრაკე მერი არაბიძემ დაიკავა.

უძლიერესთა ათეულში ასევე შევიდნენ ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ნატალია ჟუკოვა, ქეთევან კახიანი, მაია ლომინეიშვილი და ზეინაბ მამედიაროვა.

საჭადრაკო ტურნირი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭადრაკე 42 წლისა გარდაიცვალა

ნიჭიერი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გასულ წელს 42 წლისა გარდაიცვალა. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

ხურციძე იყო საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი — ხუთჯერ ქალთა შორის და ერთხელ — მამაკაცთა შორის. ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ხურციძე მონაწილეობდა ხუთ საჭადრაკო ოლიმპიადაში (ბრინჯაო 1998 წელს და ვერცხლი 2000 წელს), სამ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში (ბრინჯაო 2011 წელს) და შვიდ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში (1999–2013 წლებში).

ხურციძე 1991 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი 16 წლამდელ მოჭადრაკეთა შორის. 1993 და 1995 წლებში მოიგო ანალოგიური ტურნირები 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. 1998 წელს სპორტსმენმა სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ხურციძემ 1993 წელს მიიღო ქალთა შორის დიდოსტატის წოდება, ხოლო 1999 წელს — საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის.

ყველაზე მაღალი პოზიცია ფიდეს რეიტინგში ხურციძეს 1999 წელს ეკავა — მე-11 ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0