საქართველო-დანია

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში დანაკარგებია: ვინ გამოაკლდება გუნდს

96
(განახლებულია 21:12 02.09.2019)
ქართველმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ის სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება თავის გუნდს ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეასთან და EURO-2020-ის შესარჩევ მატჩში დანიასთან.

უკრაინის „შახტიორის“ სახელით მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე მიიღო. საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბმა ხოჭოლავას მხრის ამოვარდნა დაუდგინა. წინასწარი პროგნოზებით, ის სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ მცველი ვერ დაეხმარება თავის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.

ხოჭოლავას გარდა ტრავმირებულია ასევე საბა კვერკველია. მაისში მან მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში თამაშის დროს ტრავმა მიიღო და დღემდე ფორმაში ვერ ჩადგა.

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 9 სექტემბერს დანიასთან EURO-2020-ის შესარჩევ მატჩს ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ოთხი საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და ის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ვაისის შეგირდებმა წააგეს შვეიცარიასთან (0:2), ირლანდიასთან (0:1) და დანიასთან (1:5), ხოლო გამარჯვება მხოლოდ გიბრალტართან მოიპოვეს (3:0).

96
თემები:
სპორტის ამბები (456)